საქართველოს, როგორც ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ქვეყნის შესახებ საუბარი, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო. ამის მიზეზი პირველ რიგში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა, თუმცა, მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამ გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრული ფორმა მისცა. მაგალითად, ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის პერსპექტივა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულმა კონფლიქტებმა შეასუსტა, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ენერგოკორიდორის საქართველოს ტერიტორიაზე გაჭრა კი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა და სომხეთსა და თურქეთს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ წაახალისა. ყარაბაღის კონფლიქტი რომ არა, საქართველო თავის ენერგოსატრანსპორტო ფუნქციას ნაწილობრივ დაკარგავდა, რადგან, მოგეხსენებათ, უმოკლესი გზა თურქეთიდან აზერბაიჯანში არა საქართველოს, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე გადის.
ამ სტატიაში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ეტაპზეა ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის განხორციელების იდეა და რა პოლიტიკური ურთიერთობებია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკვე არსებული სატრანსპორტო და ენერგოინფრასტრუქტურის ბაზაზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი ენერგოდერეფნის გამყარებასა და გაფართოებას გეგმავენ. ბოლოს დავასრულებ იმის განხილვით, თუ რა პოლიტიკური როლი აქვს საქართველოს ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის გაჭრაში.
ენერგოსატრანსპორტო დერეფანი სამხრეთ კავკასიაში და საუბრები მის გაფართოებაზე
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობი ორი ნავთობსადენით მოედინება: ბაქო-სუფსის (საიდანაც შავ ზღვაში და შემდეგ მსოფლიო ბაზარზე გადის) და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის (საიდანაც ხმელთაშუა ზღვის ტანკერებში იცლება). გაზი ე.წ. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის, ანუ ბაქო-თბილის-ერზურუმის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთს მიეწოდება. თავისთავად ამ ენერგოსადენების არსებობა რეგიონში უკვე ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და ახალ ძალთა ბალანსზე მეტყველებს.
თუ დღემდე თურქეთი რეგიონში ნეიტრალურ და პასიურ მოთამაშედ ითვლებოდა, ახლა უკვე შედარებით უფრო გამოკვეთილ მხარედ ყალიბდება. მართალია, აქამდეც ძალთა გადანაწილებით ერთ მხარეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი და მეორე მხარეს რუსეთი-სომხეთი-ირანი იმყოფებოდნენ, მაგრამ თურქეთი, რომლისთვისაც რუსეთი იმპორტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ცდილობდა რუსეთთან არსებული ურთიერთობები საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა. ენერგოსადენების არსებობამ. ფაქტობრივად, კოალიციებს შორის ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2008 წლის 6 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომამდე ორი დღით ადრე ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის თურქეთის ნაწილზე აფეთქება მოხდა, რომელზე პასუხისმგებლობაც თავის თავზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.
აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მხარეს ყველაზე აქტიურად ამერიკა უჭერს მხარს. მაგალითად, რეგიონში თურქეთის გავლენის გაზრდა შეგვიძლია ერაყის, როგორც პოლიტიკური აქტორის, განეიტრალებას, საქართველოში ამერიკის გავლენის ზრდასა და ირანთან მიმართებით დასავლეთის კრიტიკულ პოზიციას პირდაპირ დავუკავშიროთ. ფაქტობრივად, ამერიკა თურქეთს რეგიონული ლიდერის პოზიციაში განიხილავს და საშუალებას აძლევს საკუთარი ენერგოინტერესები დაიკმაყოფილოს.
ამერიკელ პოლისიმეიქერებს მიაჩნიათ, რომ რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია სწორედ ენერგოსადენების არსებობა იქნება. ამერიკის როლის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო თვეებში, როდესაც აზერბაიჯან-თურქმენეთის გაზსადენის იდეამ წამოიწია წინ. 30 მაისს აშხაბადში თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა ყურბანგული ბერდიმუჰამედოვმა კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც თურქმენეთის გაზი ახლო მომავალში თურქეთს უნდა მიეწოდოს. მართალია, ამაზე საუბარი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველთვის იყო, მაგრამ დღესდღეობით რუსეთისთვის საფრთხე გაცილებით უფრო დიდია, ვინაიდან თურქმენეთმა უკვე დაიწყო ე.წ. „აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის” მშენებლობა, რომლითაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ გაზის მარაგებს დასავლეთ ნაწილთან და კასპიის ზღვასთან დააკავშირებს.
რუსეთისა და ირანის რეაქცია თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გარიგებაზე უარყოფითი იყო და მათ დიპლომატიურ არგუმენტად ის მოიშველიეს, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა კასპიის ზღვის ეკოლოგიისთვის დამღუპველი იქნება. რუსეთისა და ირანის პოზიცია ის არის, რომ კასპიის ზღვის ქვეყნებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ ახალი გაზსადენის მშენებლობის მიზანშეწონილობა. ამერიკის ელჩმა აზერბაიჯანში კი 24 მაისს (თურქეთსა და თურქმენეთს შორის მიღწეულ შეთანხმებამდე ერთი კვირით ადრე) შემდეგი კომენტარი გააკეთა: „შეერთებული შტატების პოზიცია ის არის, რომ თუ ორი ქვეყანა (იგულისხმება აზერბაიჯანი და თურქმენეთი – გ.ც.) შეთანხმებას მიაღწევენ, აღარ უნდა არსებობდეს არავითარი დაბრკოლება გაზსადენის აშენების დაწყებისთვის”.
თავად აზერბაიჯანი, თურქეთის მსგავსად, რუსეთსა და ირანთან მიმართებით უფრო მეტად რადიკალურ პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანის ნავთობი ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გარდა, ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით რუსეთის შავი ზღვის პორტში და იქიდან მსოფლიო ბაზარზე გადიოდა. აზერბაიჯანმა თანდათანობით რუსეთს ნავთობის მოწოდება იმ დონეზე შეუმცირა, რომ საბოლოოდ ნავთობსადენის მუშაობას აზრი დაეკარგა და რუსეთმა ამა წლის ივნისში აზერბაიჯანთან ბაქო-ნოროვოროსიისკის ნავთობსადენზე დადებული ხელშეკრულებაც გააუქმა. აზერბაიჯანის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ახლა საქართველოს გავლით გადის.
თუ აზერბაიჯანი ტრანსკასპიური გაზსადენის მიმღები მხარე გახდება, ქვეყანა არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის მიმწოდებლის, არამედ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსსაც შეიძენს, რაც მის პოლიტიკურ მნიშვნელობას ევროპისა და ამერიკისთვის კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მართალია, შესაძლოა თურქმენულმა გაზმა აზერბაიჯანულ გაზს თურქულ და ევროპის ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს, მაგრამ იმ პოლიტიკური მნიშვნელობის სანაცვლოდ, რასაც აზერბაიჯანი ამ გარიგებით მიიღებს, გაზრდილი კონკურენციის დაშვება სრულიად მიზანშეწონილი იქნება.
ამ გარიგებებში ევროკავშირი, როგორც აქტორი, წინა პლანზე ისე აგრესიულად არ ჩნდება, როგორც ამერიკა. ამავე დროს, ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზუ აცხადებს, რომ სამხრეთის გაზის კორიდორი ევროპისთვის საკვანძო პრიორიტეტია და ევროკავშირი ამ პროექტებში ჩართულ კომპანიებს „უზრუნველყოფს სამართლებრივი, ფინანსური, პოლიტიკური დახმარებით”. ევროპელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოსატრანსპორტო პროექტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევით. მაგალითად, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ახლაც, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე მხარე გახდება და, სავარაუდოდ, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაში მსხვილ ფინანსურ კონტრიბუციასაც განახორციელებს.
არსებული რეალობის საფუძველზე უკვე შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რომ თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები იმდენად დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ ეს სამი ქვეყანა შეიძლება სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგარ რგოლად აღვიქვათ. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში განხორციელებული საუკუნის პროექტები როგორ მიებმება ცენტრალური აზიისა და ევროპის გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ანუ შეიქმნება თუ არა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი.
შუა აზიის ენერგორესურსები და ევროპის ბაზარი
შუა აზიის რესურსები ევროპისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთის შემდეგ, აქ ბუნებრივი რესურსების ყველაზე დიდი მარაგია. მაგალითად, თურქმენეთის ბუნებრივი გაზის რესურსები შეფასებულია როგორც სიდიდით მე-3 მსოფლიოში, ყაზახეთის ნავთობის რესურსები კი – მე-11. პრობლემა აქ მხოლოდ ის არის, რომ ორივე ქვეყანა (და უზბეკეთიც, რომელსაც ასევე ყაზახეთსა და თურქმენეთთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რესურსები აქვს) დღესდღეობით რუსეთზეა მიბმული.
ყაზახეთის ნავთობის 80%-ზე მეტი რუსეთის გავლით მიეწოდება მსოფლიო ბაზარს. ტრანსკასპიური ნავთობსადენი არ განიხილება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უახლოეს ათწლეულში ყაზახეთის მიერ ნავთობის წარმოება 60%-ით გაიზრდება, არის შანსი, რომ აქედან ნაწილი ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენშიც მოხვდეს (ტანკერებით გადაზიდული კასპიის ზღვაზე). თურქმენული ნავთობის ნაწილი უკვე ხვდება ბაქოში, მაგრამ მომავალში ალბათ თურქმენეთის ნავთობპროდუქციისა და გადატვირთული ნოვოროსიისკის ხაზის წყალობით, ბაქოში შემოსული თურქმენული ნავთობის წილიც გაიზრდება.
გაზის ექსპორტს რაც შეეხება, აქ საქმე ცოტა სხვანაირად არის, რადგან თურქმენეთი და უზბეკეთი დაახლოებით ერთი მოცულობის გაზს აწარმოებენ (თუმცა თურქმენეთის რესურსები გაცილებით მეტია და უზბეკეთისა იწურება), ხოლო ყაზახეთი კი – ორჯერ ნაკლებს.
შუააზიური გაზი ევროპაში საქართველოს გავლით ორი მიმართულებით შეიძლება გავიდეს: თურქეთის ან/და უკრაინის გავლით. თურქეთი უკვე აქტიურ და საქმიან ურთიერთობებს აწამოებს შუა აზიასთან, უკრაინა ჯერჯერობით სიტუაციას აკვირდება.
თურქეთისა და თურქმენეთის მოლაპარაკებების შესახებ ზემოთ უკვე დავწერე. აქ კიდევ ის არის საინტერესო, რომ თურქმენეთმა თავდაპირველად „აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის” მშენებლობა რუსეთთან შეთანხმებით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, რომ შესაძლოა ეს გაზი ტრანსკასპიური გაზსადენით აზერბაიჯანისთვის და, შესაბამისად, თურქეთისთვის მიეწოდებინა. ყაზახეთმა მხარი დაუჭირა თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, თავად განაგონ ტრანსკასპიური გაზსადენის ბედი, მაგრამ სხვა მხრივ შემოთავაზებები აღარ ჰქონია.
თურქმენეთს გაზის ბაქო-თბილის-ერზურუმის გაზსადენით თურქეთისთვის მიწოდება იმ მიზეზით აწყობს, რომ, ფაქტობრივად, მიეცემა შესაძლებლობა, არა რუსეთის გავლით, არამედ თავად გავიდეს მომხმარებელთა ბაზარზე. მომხმარებელი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ევროპა იქნება, არამედ თავად თურქეთიც, რომლის მოთხოვნაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უფრო და უფრო გაიზრდება.
სხვა და კომპლექსური საკითხი გახლავთ ის, თუ როგორ გავა გაზი თურქეთიდან ევროპაში. ნავთობის შემთხვევაში საქმე უფრო ადვილად არის, ვინაიდან ნავთობი ბუნებრივად თხევადი პროდუქტია და მისი ტანკერებით გადაზიდვა ადვილია. ნავთობის მსოფლიო ბაზარი არსებობს, რომელზე გასვლაც ჯეიჰანის პორტიდანაც თავისუფლად შეიძლება. გაზის პოლიტიკა კი უფრო მეტად არის დამოკიდებული ენერგოსადენების მდებარეობაზე.
თურქეთიდან ევროპაში გამავალი ყველაზე ცნობილი გაზსადენის პროექტი „ნაბუკოა”. მისი განხორციელების გზაზე მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე უნდა გაევლო, რომლებზეც რუსეთი ზეწოლას ახორციელებდა. ამასთანავე, „ნაბუკოს” ერთ-ერთმა მთავარმა მეწილემ, გერმანულმა კომპანიამ პროექტში მონაწილეობაზე რუსეთის ზეწოლით უარი განაცხადა. დაბოლოს, რუსეთმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა იმით, რომ ე.წ. „სამხრეთის ნაკადის” შავ ზღვაში აშენების უფლება თურქეთისგან მოიპოვა და, ფაქტობრივად, „ნაბუკოს” პროექტის განხორციელების ყველანაირი შანსი მოსპო.
მართალია, „ნაბუკოს” ჩაფლავებით თურქეთმა და აზერბაიჯანმა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ნაწილი დაკარგეს, მაგრამ, სანაცვლოდ, პირდაპირ დასავლეთ ევროპის ბაზარზე გასვლა დაგეგმეს. „ნაბუკოს” მაგივრად ამა წლის 28 ივნისს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს მფლობელმა კონსორციუმმა ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობას დაუჭირა მხარი. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, აზერბაიჯანული (და შესაძლოა თურქმენული) გაზი თურქეთიდან პირდაპირ იტალიაში და შემდეგ დასავლეთ ევროპაში გავა.
მართალია, ტრანსადრიატიკული გაზსადენის მსგავსი პოლიტიკური მხარდაჭერა არა აქვს, მაგრამ აზერბაიჯანული (და, პოტენციურად, თურქმენული) გაზის საქართველოდან უკრაინაში ტრანსპორტირების სქემაც არსებობს, რომელსაც „თეთრი ნაკადი” ჰქვია. პროექტზე საუბარი 2000-იან წლებში დაიწყო, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თაროზე იყო შემოდებული. რუსეთი უკრაინას საერთო ჯამში ათასი კუბური მეტრი გაზისთვის იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს (მიუხედავად სევასტოპოლის პორტის ლიზინგის სანაცვლოდ უკრაინისთვის გაზის ნაწილობრივი გაიაფებისა). შესაბამისად, უკრაინა ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს და ამა წლის ივნისის დასაწყისში იანუკოვიჩმა და რადამ „თეთრი ნაკადის” პროექტის განხილვა კვლავ დაიწყეს. თუმცა, მიუხედავად მცდელობებისა, უკრაინა ჯერჯერობით მაინც მთავარ მოთამაშედ არ განიხილება, რადგან აქამდე საკითხთან მიმართებით მტკიცე პოლიტიკური ნება არასდროს გამოუჩენია და მიმდინარე გაზსადენებისა და ნავთობსადენების პროექტებზსაც გვერდიდან აკვირდება.
საქართველოს, როგორც მონაწილე ქვეყნის როლი
ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის გაჭრაში საქართველოს ბევრი ვერაფრის გაკეთება შეუძლია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რაზე შეთანხმდებიან ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები. საქართველო ამ შემთხვევაში თამაშობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ როლს, როგორც რეგიონში ამერიკის ურყევი მოკავშირე და რუსეთთან პრინციპულად დაპირისპირებული მხარე.
რუსეთი ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის იდეით იმდენად გაღიზიანებულია, რომ მზად არის მის განხორციელებას ყველა ხერხით შეუშალოს ხელი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ გამოცდას უკვე გაუძლო და ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა თბილისში შემოსვლა ვერ შეძლო, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზული მხარდაჭერა აქვს დასავლეთში. დასავლეთი აცნობიერებს იმას, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენა მთელ რეგიონზე რუსეთის გაბატონების ტოლფასი იქნება. ერთადერთი რეალისტური გზა სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად საქართველოსთვის დამოუკიდებლობის გარანტიის მიცემაა.
თუ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება რუსეთის ზეწოლით ჩაიშლება, ეს მაინც არ იქნება იმის საბოლოო ვერდიქტი, რომ ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის იდეა დასამარდა. მომავალში პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შესაძლოა კვლავ განიზრახონ ბაქოსთან დაკავშირება.
საქართველომ ამასობაში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც ქვეყანამ, რომელიც იქნება რეგიონში დასავლური კურსის ფლაგმანი. თუ რეგიონის სხვა ქვეყნები დაინახავენ, რომ რუსეთი მის პატარა მეზობელზე გავლენას ვერ ახდენს, ეს მათ მისცემთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსულ ზეწოლას გაუძლონ.
ამასთანავე, საქართველოს რჩება საშუალება, რომ რეგიონში დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს და თურქეთის გავლენის ქვეშაც არ მოექცეს. თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები ისე დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში უკვე არსებული მოცემულობის მიღება უწევს, ძალისხმევისა და თავის ატკივების გარეშე.
უახლოეს სამ წელიწადში გაირკვევა, გაფართოვდება თუ არა სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფანი და იქცევა თუ არა ევრაზიულ დერეფნად. ამ პერიოდში საქართველომ ყველა პოლიტიკური გამოცდა წარმატებით უნდა ჩააბაროს.
დატოვე კომენტარი