რუსეთის ბაზარი – საფრთხე თუ პერსპექტივა?

რუსეთის ბაზარი – საფრთხე თუ პერსპექტივა?

საბჭოთა კავშირის პერიოდი

ხშირად გვესმის, რომ საბჭოთა პერიოდში ქართულმა ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია: შენდებოდა ახალი ქარხნები, ვენახები და ა.შ. გვერდზე რომ გადავდოთ ამ პერიოდის სტატისტიკური მონაცემები და ჩავუღრმავდეთ თემას, გასახარებელს ბევრს ვერაფერს ვნახავთ. ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სისტემა, მოწყვეტილი განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით შეეხო მეღვინეობის დარგს. თუ, მაგალითად, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში ასე თუ ისე მაინც იყო გარკვეული კონტაქტები დასავლურ სამყაროსთან, მეღვინეობის დარგში ეს არ ხდებოდა. სოციალისტური ბანაკის გარდა უცხოური ღვინო არსაიდან არ შემოდიოდა.

მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც დარგის, წარმატების მთავარ კრიტერიუმად 5-წლიანი გეგმის შესრულება ითვლებოდა და ნაკლებად აწუხებდათ ის ფაქტი, რომ ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გადაშენების პირას იყო მისული. ყურადღება ექცეოდა მხოლოდ მაღალმოსავლიან ჯიშებს, აღარაფერს ვამბობ უნიკალურ ქვევრის ტექნოლოგიაზე.

კრემლის ბოლშევიკური ელიტისა და ჰეგემონი პროლეტარიატის ენო-გასტრონომიული გემოვნება უპირატესობას ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოს ანიჭებდა. ამ ფაქტმა ბევრ ნეგატივთან ერთად კარგი შედეგიც მოიტანა – ტრადიციული „ხვანჭკარისა” და „ოჯალეშის” გარდა შეიქმნა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის ისეთი შედევრები, როგორიცაა „ქინძმარაული” და „ახაშენი”. თუმცა მათი რაოდენობა არ იყო საკმარისი მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და მათზე გაცილებით დიდი რაოდენობით იწარმოებოდა ხელოვნურად ნახევრად ტკბილი, დაბალი ხარისხის ღვინოები. თანდათანობით ქართულ ღვინოს, ისევე როგორც მოლდავურს, ჩამოუყალიბდა ძირითადად ტკბილი ღვინის იმიჯი. მას სამართლიანად მიიჩნევდნენ საუკეთესო საბჭოთა ღვინოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის თანდათან კარგავდა თავის ჭეშმარიტ სახეს და გლობალური ღვინის კონტექსტიდანაც ამოვარდნილი იყო.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული ღვინის თვითმყოფადობა საბოლოოდ არ განადგურდა ალბათ იმიტომ, რომ ქართველი ადამიანის გენეტიკური კოდი ვენახისა და ღვინის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ის ფაქტი, რომ დღეს კიდევ არსებობს 500 ავტოქთონური ქართული ყურძნის ჯიში, რომ ქვევრის ღვინის უნიკალური ტექნოლოგია კიდევ ცოცხალია და ქართული ღვინო გამოდის ლეთარგიული ძილის ფაზიდან, ჩემი ღრმა რწმენით, განაპირობა პირველ რიგში ქართველმა გლეხმა. მან არა მარტო საქართველოსა და ქართველ ხალხს, არამედ კაცობრიობას შემოუნახა ქართული ავტოქთონური ყურძნის ჯიშები და ათასწლოვანი ქვევრის ღვინის ტექნოლოგია.

პოსტსაბჭოთა, ე.წ. „ველური კაპიტალიზმის” 90-იანი წლების პერიოდი საკმაოდ რთული იყო ქართული ღვინისთვის. იგი შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც „მასობრივი ფალსიფიკაციის ოქროს ხანა”. რას არ ნახავდა კაცი იმ პერიოდის რუსეთში. კულმინაცია, რა თქმა უნდა, რუსეთში ჩამოსხმული ე.წ. ქართული ღვინო იყო. ქართულის ანალოგიურად, დაახლოებით იგივე პრობლემები ჰქონდა მოლდავურსა და უკრაინულ ღვინოსაც – მასობრივი ფალსიფიკაცია და დაბალი საფასო სეგმენტაცია. ეს ის ორი პრინციპია, რასაც შეუძლია ღვინის კატეგორია ნებისმიერ ბაზარზე ან საერთოდ გაანადგუროს, ან მისი „ლუმპენიზება” მოახდინოს.

მრავალი ცდუნებისა და ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, ქართულმა ღვინომ გაუძლო ამ რთულ გამოწვევასაც – ეს პირველ რიგში იმ ტრადიციებმა განაპირობა, რომლებიც მას გააჩნდა და აგრეთვე რამდენიმე ნოვატორი მწარმოებლის ძალისხმევამ. ესენი იყვნენ პირველ რიგში კომპანიები GWS და „ძმები ასკანელები”, ოდნავ მოგვიანებით – „თელავის ღვინის მარანი” და „თბილღვინო”. ფაქტობრივად, ამ კომპანიებმა გადაარჩინეს ქართული ღვინო დაბალ საფასო სეგმენტში მოხვედრის საშიშროებას, რასაც ვერ ასცდნენ მოლდოველი და უკრაინელი ღვინის მწარმოებლები.

რუსეთში 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომი პერიოდი

ამ დროს ქართული ღვინის ლეგალური სეგმენტი საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა – ღვინის ხარისხი სულ უფრო უკეთესი ხდებოდა თუნდაც იმის გამო, რომ მეღვინეობის მოწინავე ტექნოლოგიები საკმაოდ ინტენსიურად ინერგებოდა ღვინის ქარხნებში, რაც ნაკლებად შესამჩნევი იყო 90-იან წლებში. აშკარად იკვეთებოდა ქართული ღვინის პრემიუმიზაციის პროცესი. საფასო სეგმენტაციას თუ გადავხედავთ, პრემიუმ-სეგმენტში მოხმარების მოცულობის მხრივ ქართული წყნარი ღვინო მხოლოდ ფრანგულს ჩამორჩებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მოლდავურსა და უკრაინულ ღვინოებზე.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყალბი ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი მზადდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ძნელი წარმოსადგენია ასეთი მასშტაბების კონტრაფაქტული და გაყალბებული პროდუქციის არსებობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლანდია ან დიდი ბრიტანეთი.

მიზეზი, რის გამოც რუსეთის მხარემ ემბარგო დაადო ქართულ ღვინოს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

რუსეთის ღვინის ბაზარი დღეს

დროა, ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ დღევანდელი რუსეთის ღვინის ბაზარი. ალკოჰოლური სასმელების მოხმარების სეგმენტირება ასეთია: ლუდი, არაყი, სხვა სასმელების ბლოკი და ღვინის ბლოკი. ბაზრის წილის მიხედვით ლიდერია ლუდი 74,2% (2012 წ.). მას მოსდევს არაყი – 13,8% მოხმარების წილით. „სხვა სასმელების „ბლოკში” იგულისხმება: ბრენდი (კონიაკის ჩათვლით), ვისკი, ჯინი, ტეკილა და ა.შ. მათი ჯამური წილია 4,5%. ღვინის ბლოკის წილი შეადგენს 7,5%-ს.

განვიხილოთ ღვინის ბლოკი. ღვინის მოხმარების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1007 მლნ ლიტრს, რაც თავისთავად მშვენიერი მაჩვენებელია, მაგრამ ქართული ღვინის პერსპექტივების გათვალისწინებით არ მიმაჩნია საკმარისი მხოლოდ ამ ციფრზე ოპერირება. ღვინის ბლოკი რუსეთში დიფერენცირდება შემდეგნაირად: ცქრიალა ღვინო (შამპანურის ჩათვლით), წყნარი ღვინო და სხვადასხვა ღვინო, რომელთა წილი ღვინის ბლოკში შეადგენს შესაბამისად 25%, 59% და 16% (2012წ.).

ცქრიალა ღვინის ბაზარი ქართული ღვინისთვის არცთუ ისე პერსპექტიულია რამდენიმე მიზეზის გამო: დაბალი ცნობადობა, კონკურენცია ადგილობრივი იაფი ბრენდების მხრიდან, ძლიერი კონკურენცია დასავლური ბრენდების მხრიდან. რაც შეეხება სხვადასხვა ღვინის სეგმენტს, იგულისხმება პორტვეინი, ხერესი, ხილის ღვინო, შარანტი და ა.შ. ქართული ღვინისთვის იგი საერთოდ ინტერესს მოკლებულია.

სეგმენტი, რომელიც აქტუალურია ქართული ღვინისთვის, არის წყნარი ღვინის კატეგორია, რომლის მოცულობა შეადგენს 620,9 მლნ ლიტრს, საიდანაც იმპორტირებული წყნარი ღვინის მოცულობა შეადგენს 288,3 მლნ ლიტრს. თუ შევადარებთ იმავე მაჩვენებელს სხვა ქვეყნებში, მივიღებთ შემდეგს: დიდ ბრიტანეთში – 1211,9 მლნ ლ. (5,2-ჯერ მეტი); გერმანია 1166,4 მლნ ლ. (5-ჯერ მეტი); აშშ – 691,2 მლნ ლ. (2,4-ჯერ მეტი). წყნარი ღვინის კატეგორიაში 53,6% უკავია ადგილობრივ, რუსულ ღვინოს, რომელსაც ძირითადად დაბალი სოციალური ფენისა და ღვინის არმცოდნე მომხმარებლის ღვინოს უწოდებენ. ღვინის ინდუსტრიის დახასიათების მიზნით მოვიშველიებ ავტორიტეტული კვლევის დასკვნას: „რუსული ღვინის 25% იწარმოება ადგილობრივი ყურძნის ბაზაზე, 25% უცხოეთიდან შემოტანილი ღვინის მასალით და დანარჩენი 50%(!) გაურკვეველი წარმოშობის სითხით” (წყარო: International Wine and Spirit Research).

საკმაოდ ძლიერია კონსერვატიული ტენდენციები – მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ტკბილ ღვინოს, თუმცა მშრალი ღვინის მოხმარების წილი საგრძნობლად იზრდება (მისი წილი ჭარბობს განსაკუთრებით პრემიუმ-სეგმენტში). ასევე მუხის კასრში დაძველებული ღვინო მაღალი ხარისხის იდენტურად მიიჩნევა და ორგანული და ბიოდინამიკური ღვინის წილი ხომ, ფაქტობრივად, არც იგრძნობა.

კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გათვალისწინების გარეშე ძნელია ილაპარაკო რუსეთის ღვინის ბაზარზე, ეს არის ღვინის პრემიუმიზაციის ფაქტორი. ამის მიზეზია პირველ რიგში პოსტკრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა და, შესაბამისად, მოსახლეობის მყიდველობითი უნარიანობის გაზრდა. არის კიდევ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი – სააქციზო პოლიტიკის გამკაცრება და სახელმწიფოს, როგორც ბაზრის მარეგულირებლის როლის გაზრდა. შესაბამისად, დღევანდელი რუსეთის ღვინის ბაზრის საფასო სეგმენტაცია საგრძნობლად განსხვავდება 2006 წლამდე შესაბამისი მაჩვენებლებისგან. მაგალითად, თუ ადრე ხარისხიანი ღვინის საფასო სეგმენტი იწყებოდა 250-300 რუბლიდან, დღეს ეს მაჩვენებელი 350-400 რუბლს აჭარბებს.

ქართული ღვინო დღეს

როდესაც საუბარია დღევანდელ ქართულ ღვინოზე, სავსებით ბუნებრივია, ათვლის წერტილად მივიჩნიოთ რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის 2006 წელი. პირველად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საქართველო მაქსიმალურად განთავისუფლდა რუსეთის გავლენისგან. შესაბამისად, მკვეთრად გამოიხატა ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების ვექტორი. არ შეიძლებოდა ამ მოვლენას გავლენა არ მოეხდინა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე.

ემბარგოს შემდგომი წლების ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი და სამწუხარო ფაქტი იყო ვენახის ფართობისა და, შესაბამისად, ყურძნის წარმოების მოცულობის შემცირება (2006 დან 2010 წლამდე 26%-ით). თუმცა 2010 წლის შემდეგ ვენახის ფართობის მატებამ კარგი ტემპები აჩვენა: მაგალითად, 2011 წელს ყურძნის წარმოების მოცულობა წინა წელთან შედარებით 32,2%-ით გაიზარდა.

ქართველები ხშირად ვახსენებთ, რომ გვაქვს 500-მდე ავტოქთონური ყურძნის ჯიში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გადასარჩენად და მოსავლელად ნაკლებად ვინმე ზრუნავდა რუსეთის ემბარგომდე. ისეთი მასშტაბის თვისებრივი ცვლილებები, რომლებიც მოხდა ბოლო 5-6 წლის მანძილზე საქართველოს მევენახეობაში, ალბათ არ მომხდარა 80-90 წლის განმავლობაში. მხედველობაში მაქვს იშვიათი, თითქმის მივიწყებული ჯიშების საკმაოდ ინტენსიური მოშენება. შეიძლება ეს პროცესი არ არის ისეთი მასშტაბური, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღდგენა-მოშენების პროცესს დრო სჭირდება და მწარმოებლები, რომლებმაც ეს გზა აირჩიეს, პატივისცემას იმსახურებენ.

რაც შეეხება ბოლო წლებში ღვინის ექსპორტის დინამიკას, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2012 წელს 2007 წელთან შედარებით 122,2%-ით გაიზარდა. ე.ი. 5 წლის მანძილზე საშუალო წლიურმა ზრდამ 24% შეადგინა. ექსპორტის უფრო დიდი მაჩვენებელი ჰქონდა მხოლოდ ახალ ზელანდიას XX საუკუნის ბოლოს. ქვეყანა, სადაც 70-იან წლებამდე მეღვინეობას როგორც მხოლოდ ეგზოტიკურ დარგს, ისე განიხილავდნენ, დღეს ერთ-ერთ მოთხოვნად ღვინის კატეგორიად ითვლება.

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ქართული ღვინო 43 ქვეყანაში იყიდება. კარგი ზრდის ტემპები იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება – პირველ რიგში განვითარებულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღვინის ბაზრებზე. მაგალითად თუნდაც ჩინეთის ბაზარი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომლის ასათვისებლად მსოფლიოს ყველა წამყვანი ღვინის მწარმოებელი უამრავ რესურსს ხარჯავს. 2012 წელს აქ ქართული ღვინის 1 მილიონ ბოთლზე მეტი შევიდა, ხოლო 6-7 წლის წინ სტრატეგიული ქვეყნების სიაში იგი საერთოდ არ ფიგურირებდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია – ქართული ღვინის პრემიუმიზაციის პროცესი. 2006 წლის ემბარგომდე ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი $1,95-ს შეადგენდა, ხოლო 2007- 2012 წლებში საშუალოდ $3,25-ს, ანუ ფასი 67%-ით გაიზარდა. მსგავს ციფრებს, თან დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, ბევრი წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ინატრებდა. დღევანდელი გლობალური ღვინის ბიზნესი ისეა მოწყობილი, რომ, ფაქტობრივად, ყველა ღვინის მწარმოებელი, ახალი სამყაროს მეღვინეების ჩათვლით, თავისი პროდუქციის პრემიუმიზაციას ცდილობს. ყოველივე ზემოთქმული განაპირობა იმ დადებითმა ძვრებმა, რომლებიც ქართული ღვინის ინდუსტრიაში ბოლო 5-6 წლის მანძილზე მოხდა.

საშუალო და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოებული ღვინო საგრძნობლად მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტს. მხედველობაში მაქვს როგორც ღვინის ხარისხი, ასევე გარეგნული სახე. მსხვილი და საშუალო მწარმოებლები ქმნიან ხარისხიან ორდინარულ ღვინოებს, აფართოებენ ან ქმნიან საერთაშორისო კლასის პრემიუმ-სეგმენტის ღვინოს. ეს ტენდენცია 2006 წლამდეც არსებობდა, მაგრამ ასეთი ინტენსივობით არ შეინიშნებოდა.

არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება და თანდათანობით იკავებს იმ საპატიო ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის ქართულ მეღვინეობაში. ქვევრის ტექნოლოგია, ჩემი აზრით, მომავალი ქართული პრემიალური ღვინის სეგმენტის განვითარების ძირითადი ვექტორი შეიძლება გახდეს (ყოველ შემთხვევაში, ამის ყველა წინა პირობა არსებობს).

დღევანდელ გლობალურ სამყაროში არცთუ ისე რთულია, შექმნა მაღალი დონის ტექნოლოგიური ღვინის წარმოება. თუ პროფესიონალურად შეიმუშავებ ბიზნესპროექტს, დაასაბუთებ მის რენტაბელობას – ინვესტორიც მოინახება, ან ადგილობრივი ან უცხოელი. ეს თავისთავად კეთილშობილი საქმეა, მაგრამ შექმნა ღვინო, რომელიც იქნება ტარუარისა და ჯიშის ჰარმონიის ნიმუში და ისიც ძველი, ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული, რომელსაც ექნება მკვეთრად გამოხატული ორიგინალური ხასიათი, დამეთანხმებით, ალბათ ყველა მეღვინის ოცნებაა. „ნიკოლაიშვილი”, „ბერიშვილის მარანი”, „ხოხბის ცრემლები”, „ჯაყელი”, მარანი „ნიკა”, ეს არასრული სიაა იმ ენთუზიასტ-ნოვატორი მწარმოებლებისა, რომელთაც ახალი სიტყვა თქვეს ქართულ მეღვინეობაში. „ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებული ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის საუკეთესო ნიმუშები, და მათ მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი, ოპტიმიზმის საკმაო საფუძველს იძლევა.

საქართველოს ეს ახალი ტენდენცია უკვე შეეხო მსხვილ მწარმოებლებსაც, რაც სასიხარულოა და ასევე დიდ პატივისცემას იმსახურებს. უკვე გამოჩნდა ახალი ხაზი მათ ასორტიმენტში – „ქვევრის ღვინო”.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ტენდენციები განაპირობა, არის ქართული ღვინის 2006 წლის ემბარგო რუსეთის ბაზარზე. რომ არა ეს ფაქტი, ქართული ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში დარჩებოდა განუვითარებელი რუსული ღვინის ბაზრის ჩამოყალიბებისა და პროგრესირების ფაქტორთან.
2006 წლამდე პერიოდში ქართული ღვინის საექსპორტო პრემიუმიზაციაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ქართული ღვინის მაღალფასიანი სეგმენტი, იგი საკმაოდ მცირე იყო – რუსეთში დიდი რაოდენობით შედიოდა ღვინომასალა და იაფფასიანი ნახევრად ტკბილი საეჭვო ხარისხის ღვინო, რაც მევენახეობაში ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინოვაციის მოტივაციას არ უწყობდა ხელს. იგივე ბედი ელოდა ქვევრის ღვინოს, რომლისთვისაც რუსეთის მომხმარებელი, დასავლელისგან განსხვავებით, დღესაც ნაკლებად არის მზად.

პერსპექტივები

ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხა 2012 წელს უკვე გაუტოლდა 2005 წელს რუსეთში ექსპორტის ანალოგიურ მაჩვენებელს. თუ გავაკეთებთ მომავალი ორი წლის პროგნოზს წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით და სავარაუდო ზრდის ტემპს ავიღებთ, მაგალითად, 17%-ს, აღმოჩნდება, რომ 2013 წელს სხვა ქვეყნების ჯამური გაყიდვები უკვე საგრძნობლად გადააჭარბებს რუსეთის ბაზარზე 2005 წლის გაყიდვების მონაცემებს. ხოლო 2014 წელს საკმაო დიდი თანხით გადააჭარბებს ღვინის საერთო ექსპორტიდან შემოსულ თანხას 2005 წელთან შედარებით. წამყვანი ღვინის ბაზრების ათვისების პროგნოზი უფრო რეალისტური იქნებოდა, რუსეთის ბაზარი რომ არ გახსნილიყო. როგორ გადაანაწილებენ რესურსებს რუსეთის სასარგებლოდ მსხვილი მწარმოებლები და რა გავლენას მოახდენს ეს ექსპორტის მაჩვენებელზე, ალბათ უკვე ამ წლის ბოლოს და 2014 წლის პირველ ნახევარში შევაფასებთ.

დღეს ქართული ღვინო ისევ გზაჯვარედინთან აღმოჩნდა – ერთი მხრივ, საერთაშორისო, თანამედროვე, განვითარებული და არაკორუმპირებული ღვინის ბაზარი და, მეორე მხრივ, რუსეთი. რომელ გზას გაუდგება ქართული ღვინო, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ხშირად გვესმის, რომ ორივე მიმართულებას ერთნაირი ყურადღება უნდა მიექცეს, რაც მე პირადად გამართლებულად არ მიმაჩნია. მსოფლიო ღვინის ისტორიიდან კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ მთავარი გასაღების ბაზარი ყოველთვის უკუგავლენას ახდენს მიმწოდებელი ქვეყნის ღვინის ინდუსტრიაზე. ბორდოს ღვინო, ისეთი, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, თავის დროზე ბრიტანულმა ბაზარმა „შექმნა”, ასევე როგორც თავის დროზე ესპანური და პორტუგალიური ღვინო (მალაგა, ხერესი, პორტო). იგივე უკუგავლენა ჰქონდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე აშშ-ს ევროპულ ღვინოზე. მსგავსი ისტორია მეორდება დღეს ჩინეთის ბაზარზე. ქართული ღვინის კატეგორია დღეს საოცრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო 2006 წელს. უახლოეს პერიოდში რუსეთის ღვინის ბაზარი, რომელიც განვითარებული და ჩამოყალიბებული ბაზრის კატეგორიისაგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა საიმისოდ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქართული ღვინისათვის, აუცილებლად განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხისა და იმიჯის დაქვეითებას.

არ მინდა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს მე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების მოწინააღმდეგე ვარ. იმ სირთულეების მიუხედავად, რაც უკვე ვახსენე, არსებობს ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც დღევანდელი რუსეთის ღვინის ბაზარს ახასიათებს და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ღვინის მოხმარების კულტურის ზრდა. თუმცა ეს პროცესი შესამჩნევია დიდი ქალაქების ღვინის მომხმარებლის გარკვეულ ნაწილში (20-25%).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის სულ უფრო პოპულარულ კატეგორიად ჩამოყალიბების პროცესი ახალგაზრდა, განათლებული, ევროპული ფასეულობების მომხმარებლისთვის. საგრძნობლად პროგრესირებს საშუალო და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების ცოდნის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან დაკავშირებით. აღნიშნულ კატეგორიაში ღვინო სულ უფრო პოპულარული და პრესტიჟული სასმელი ხდება. ამ მომხმარებლისთვის ხარისხიანი ღვინის ფასი იწყება 350-400 რუბლიდან (სუპერმარკეტის თაროზე). უკვე ძალიან ცუდ ტონად ითვლება საქმიანი შეხვედრების, ან საღამოს რესტორანში ვახშმობის, ან სხვადასხვა წვეულების დროს არაყისა და ლუდის სმა. მოსკოვში მაღალი კლასის რესტორნების ღვინის მენიუში ნახავთ ყველა წამყვანი ქვეყნის ღვინოს და მხოლოდ ერთი ან ორი დასახელების არაყს. სწორედ ეს გარემოებები განსაზღვრავს რუსეთის ღვინის ბაზრის პერსპექტიულ ხასიათს. ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში მიზანშეწონილია ძირითადად ამ კატეგორიის მომხმარებელზე ორიენტირება. აღნიშნული ტიპის მომხმარებელს პირობითად შეიძლება დავარქვათ „პროგრესული მომხმარებელი”. ძველი, საბჭოური სტილის მომხმარებელზე ორიენტირება „კავკასიელი ტყვე ქალისა” და „მიმინოს” იმიჯით ქართულ ღვინოს თანდათან გადაიყვანს „მომაკვდავი” კატეგორიის რანგში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის მსხვილი მწარმოებლების ისტორიული პასუხისმგებლობის ფაქტორს. სამწუხარო იქნება ქართული ღვინის გენეტიკური კოდის შენახვა ისევ გლეხებისა და წვრილი მეწარმეების მისახედი თუ გახდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის ფენომენალურ „იმუნიტეტს”, დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ქართული ღვინო ამ გამოწვევასაც ღირსეულად მიიღებს.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *