პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ინიციირებულ იქნა ახალი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარება, გრძელვადიანი და შედარებით იაფი რესურსის და ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენა/ფორმირება. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ამოცანაც იგივეა – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სწორედ აქედან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ჩაერთო პროფესიულ და საჯარო მსჯელობაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს საკომიტეტო მოსმენებში მოცემულ საკითხზე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრინციპული არგუმენტები და შენიშვნები კანონპროექტის შესახებ. მიიღეს კიდეც შეთანხმება, რომ ეს ცვლილებები ანალიზის, განხილვისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შედეგად შემუშავდეს, რათა ის პასუხობდეს XXI საუკუნის გამოწვევებს და ამ ცვლილებებით საფონდო ბაზარი მეტად მიმზიდველი და ლიკვიდური გახდეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას” საკამათოდ მიაჩნია წარმოდგენილ კანონპროექტში სამი ძირითადი გარემოება და ასოციაციის მიერ შეთავაზებულ იქნა საინვესტიციო ფონდების შესახებ მთელი რიგი ცვლილებისა, ვინაიდან კანონი ბუნდოვნად განმარტავდა საინვესტიციო ფონდებისა და მმართველი კომპანიის ფუნქციებს, ასევე იმას, თუ რას მოიცავს საინვესტიციო ფონდების მართვა. არ არის განსაზღვრული სად, ვისთან გენერირდება წარმოქმნილი მოგება-ზარალი. კომიტეტმა მოიწონა შეთავაზებული ცვლილებები და ასახა ისინი „ინვესტიციების შესახებ კანონში”. განისაზღვრა ჩამონათვალი საინვესტიციო ფონდების ტიპებთან დაკავშირებით, აგრეთვე დეტალურად განიმარტა მმართველი კომპანიის საქმიანობისა და მათ მიმართ მოთხოვნების ჩამონათვალი. განისაზღვრა მიდგომები, რომელთა მიხედვითაც ფონდის შიგნით არ უნდა ფიქსირდებოდეს ინვესტიციების განხორცილების, ასევე ამ განხორციელებული ინვესტიციებიდან გამოსვლის დროს დასაბეგრი შემოსავლები. გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო ფონდების/სქემების მონაწილე პირებს ფონდის ოპერაციებიდან გენერირებული მოგება-ზარალის შესაბამისად წარმოეშვებათ დასაბეგრი შემოსავლები ფონდის წილის/პაის რეალიზების მომენტში, ინვესტირებულ თანხასა და რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას შორის დადებითი სხვაობის სახით, რაც მიესადაგება ევროკავშირის დირექტივებსა და იმ საერთაშორისოდ აღიარებულ რეგულაციებს, რომლებიც დღეს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზეა დამკვიდრებული.
საფონდო ბაზრის განვითარება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად, როგორც საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებით თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანით, ასევე ინსტიტუციონალურად, კერძოდ:
1) საპენსიო რეფორმამ ძირითადი ბიძგი უნდა მისცეს საფონდო ბაზრის განვითარებას, რომლის ძირითად პლატფორმად, საბანკო სისტემასთან ერთად, განხილულ უნდა იქნეს საფონდო ბაზარი. მაგრამ აუცილებელია, რომ საპენსიო რეფორმა ჩატარდეს საერთაშორისო გამოცდილების (მათ შორის პრობლემების) ანალიზისა და გრძელვადიანი გეგმის საფუძველზე; სხვა ღონისძიებათა პარალელურად ყურადღება უნდა მიექცეს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კომპანიათა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდას და ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენას.
2) უნდა დაიწყოს მუშაობა რეგიონალური საფონდო ბირჟის სტატუსის მოპოვებისთვის, მსგავსად „ტალინის საფონდო ბირჟისა”, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რეალურ საფინანსო ცენტრად ქცევას კავკასიაში, სადაც:
ა) ქართულმა კანონმდებლობამ მკაფიოდ უნდა უზრუნველყოს ჩვენს საფინანსო სივრცეში მეზობელი ქვეყნების კომპანიების დარეგისტრირების სამართლებრივი ასპექტები. კანონმდებლობა უნდა იყოს მარტივი და მკაფიო და იმავდროულად არ უნდა შეიცავდეს რისკებს ბაზრით დაინტერესებული უცხოური კომპანიებისთვის.
ბ) არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ასპექტთან ერთად, ინვესტორებისთვის უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი სამართლებრივი გარემო. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თანამდევი ტენდენციაა დავების წარმოშობა. ამ დავების წარმოების პროცესიც დარეგულირებული უნდა იყოს ერთობლივი ინტერესების პრინციპებზე. საუკეთესო მოდელი იქნება, თუკი ამიერკავკასიის ქვეყნების სავაჭრო ან/და ბიზნესფედერაციების მონაწილეობით დაფუძნდება არბიტრაჟი, რომლის კომპეტენციაც ბაზრის ყველა ფიგურანტისთვის სრულად და სავსებით მისაღები იქნება.
3) საფონდო ბირჟის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ, რომელმაც უნდა შექმნას სათანადო საკანონმდებლო თუ ინფრასტრუქტურული გარემო, ასევე საკუთარ თავზე აიღოს საფონდო ბირჟის მართვა მის სრულყოფილ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებამდე (მაგ: თურქეთში, პოლონეთში, რუსეთში სახელმწიფო გვევლინება უმსხვილეს აქციონერად და მოთამაშედ). შეიძლება დღეს ეს ინიციატივა უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ განვლილი 13-წლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არსებული სახით საფონდო ბირჟამ თავისი თავი ამოწურა და მის ამ მოცემულობაში დატოვება საეჭვოს გახდის მისი სტრუქტურული და რეგიონალური განვითარების შანსებს.
4) ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებები დაიწყოს წამყვან საფონდო ბირჟებთან, რომელთაც შესაძლოა მოცემულ პროცესში ჩართვის ინტერესი გაუჩნდეთ, სასურველია, განვითრების ბაზისად ევროპის რომელიმე წამყვანი ბირჟა შეირჩეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში” შექმნილი „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის ექსპერტებთან, რათა მაქსიმალურად ეფექტიანი და რაციონალური რჩევები მივცეთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საფონდო ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის.
დატოვე კომენტარი