თუ სიმდიდრეს ძალად ჩავთვლით, მაშინ ყატარელები ყველაზე ძლიერი ხალხია მსოფლიოში. სპარსეთის ყურის საამირო 1,7-მილიონიანი მოსახლეობით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული შემოსავლის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიის პირველი ნომერია, რასაც ნავთობზე ფასების ზრდასა და ბუნებრივი აირის უზარმაზარ მარაგებს უნდა უმადლოდეს.
მყიდველუნარიანობის პარიტეტით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2010 წელს $88 000 დოლარი შეადგინა.კატარი მესამე ადგილზეა მსოფლიოში ბუნებრივი აირის მარაგის მიხედვით და მან უზარმაზარი კაპიტალი დააბანდა ინფრასტრუქტურაში, როგორც აირის გათხევადებისა და მისი ექსპორტირების, ასევე საკუთარი ეკონომიკის გამრავალფეროვნების მიზნით, მაგრამ ეს ისე მოახერხა, რომ მისი მეზობელი დუბაის მსგავსად საკუთარი შესაძლებლობებისათვის არ გადაეჭარბებინა.
კატარმა ქვეყანაში მოიზიდა როგორც მულტინაციონალური ფინანსური კომპანიები, ასევე აშშ-ის უნივერსიტეტების სატელიტი კამპუსები. მთავრობა ფულს აბანდებს ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს საზღვაო პორტებს, აეროპორტსა და სარკინიგზო ქსელს, რათა ქვეყანამ უკეთესი მასპინძლობა გაუწიოს საერთაშორისო ბიზნესკომპანიებს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
ჩვენს სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა დიადი ჯუჯა-სახელმწიფო ლუქსემბურგი, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $81 000-ზე მეტია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობა სულ ნახევარი მილიონია, XX საუკუნის მეორე ნახევარში ფინანსურ ცენტრად იქცა, ნაწილობრივ საბანკო ოპერაციების საიდუმლოების დაცვის მკაცრი კანონების წყალობით, რამაც მას საგადასახადო სამოთხის სახელი მოუპოვა. ლუქსემბურგს მოსდევს ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური, რომელიც, შესაბამისად, მესამე ადგილს იკავებს. სინგაპური უდიდეს წარმატებას აღწევს როგორც ტექნოლოგიური, სამრეწველო და ფინანსური ცენტრი. მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, მუპ მშპ ერთ სულ მოსახლეზე $56 700-ს უდრის.
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რანჟირებისას Forbes-ი დაეყრდნო 182 ქვეყნის მონაცემებს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის წილისა და ეროვნული ვალუტების მყიდველუნარიანობის შესახებ. ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემები 2010 წლიდან მოყოლებული (ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი მხოლოდ სავარაუდო მონაცემებს შეიცავდა). მყიდველუნარიანობის პარიტეტით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეკონომისტები ანიჭებენ უპირატესობას საერთაშორისო შედარებების გაკეთებისას, ითვალისწინებს ცხოვრების დონის ხარისხისა და ინფლაციის ტემპების თანაფარდობას და არა უბრალოდ ვალუტის კურსს, რომელმაც შესაძლოა სწორად არ ასახოს რეალური სხვაობა ღირებულებებს შორის.
„ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი გზაა სხვადასხვა ქვეყნის მშპ-ის მონაცემთა შესადარებლად. ეს ყველაზე სარწმუნო მონაცემებია”, – აღნიშნავს ჟან ლუკა კლემენტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლეონარდ სტერნის ბიზნესის სკოლის დოცენტი. თუმცა იქვე ამატებს, რომ „მონაცემებს ბოლომდე ვერ ვენდობით. საქმე ისაა, რომ არსებობს მთელი რიგი გარემოება, – მათ შორის, საქონლის ხარისხის ცვალებადობა ქვეყნების მიხედვით – რომლებმაც მშპ-ის მიხედვით ქვეყნების შედარებისას შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს”, – განმარტავს იგი.
„ამასთანავე, ზოგ ქვეყანაში სიმდიდრე თითქმის თანაბრად ნაწილდება, ზოგიერთში კი ძალიან უთანასწოროდ – როგორც, მაგალითად, კატარში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ღატაკია, მშპ-ის მაღალი მაჩვენებელი კი ნავთობის მოპოვებით მიღებული მოგების შედეგია. თუ შევეცდებოდით მშპ-ის მონაცემების დახმარებით ქვეყნის მომავლის პროგნოზის გაკეთებას, დიდი მნიშვნელობა მიენიჭებოდა ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ სწორი საინვესტიციო პოლიტიკის წარმოებას”, – ამბობს კლემენტი.
კატარის მსგავსად, სიის პირველ 15 ადგილზე მოხვედრილი ქვეყნების უმეტესობის სიმდიდრე ბუნებრივი რესურსებითაა განპირობებული. მეოთხე ადგილის მფლობელი ნორვეგიის ექსპორტის ნახევარი ნავთობზე მოდის და სწორედ ის განსაზღვრავს ერთ სულ მოსახლეზე მუპ მშპ-ის მაჩვენებელს, რაც თითქმის $52 000-ს შეადგენს; ქვეყანა ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის ექსპორტიორია. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა კუნძულ ბორნეოზე მდებარე სახელმწიფო ბრუნეი, რომელიც დიდ სარგებელს იღებს ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგებისგან. მისი ერთ სულ მოსახლეზე მუპ მშპ $48 000-ზე მეტია. მეექვსე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლის გაზისა და ნავთობის ექსპორტი 25%-ით განაპირობებს მუპ მშპ მაჩვენებელს, რაც დაახლოებით $47 000-ს შეადგენს.
სხვა მდიდარი ქვეყნები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც იღებენ სარგებელს ბუნებრივი რესურსებისგან, არის: ავსტრალია, რომელიც სიაში 11-ე ადგილს იკავებს; მე-14 ადგილის მფლობელი კანადა და მე-15-ნომერი კუვეიტი, რომელიც ეყრდნობა ნედლი ნავთობის მარაგს, მშპ-ის ნახევრისათვის მაინც.
რომელი ქვეყნები ითვლება უღარიბესად? ეს გახლავთ აფრიკის პოლიტიკურად და ეკონომიკურად არამდგრადი ქვეყნების სამეული: ბურუნდი, ლიბერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მუპ მშპ შეადგენს შესაბამისად – $400-ს, $386-სა და $312-ს.
დატოვე კომენტარი