ომის დაწყებიდან ავიაციის სექტორის დასახმარებლად რუსეთმა $12 მილიარდი გამოყო

ომის დაწყებიდან ავიაციის სექტორის დასახმარებლად რუსეთმა $12 მილიარდი გამოყო

Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ ავიაციის სექტორის დასახმარებლად სუბსიდიებისა და სესხების სახით $12 მილიარდი გამოყო. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად რუსული ავიასექტორი მძიმე მდგომარეობაშია. სანქციების შედეგად, რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებისა და სერვისების მიწოდება შეუჩერდა, რის გამოც დაზიანებული თვითმფრინავების შეკეთება პრობლემად იქცა.

2022 წლის მარტში დასავლურმა ავიაკომპანიებმა, Airbus-მა და Boeing-მა Aeroflot-ისა და სხვა რუსული ავიაკომპანიებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და სარემონტო სერვისის მიწოდება შეაჩერა.

Reuters-ის კალკულაციით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რუსეთის მთავრობამ 1.09 ტრილიონი რუბლი გამოყო. გამოყოფილი რესურსების დიდი ნაწილი სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიას, თვითმფრინავების წარმოებასა და ავიაკომპანიების ფინანსურ დახმარებას მოხმარდა.

საინტერესოა, რომ რუსეთის მთავრობამ ავიაციის სექტორის დასახმარებლად ფინანსები 2020-21 წლებშიც გამოყო, როდესაც ინდუსტრია კოვიდპანდემიის ეფექტით დაზარალდა. მაშინ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ამ მიზნით $6 მილიარდი გამოიყო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის ავიაფლოტი დასავლური თვითმფრინავებით გადატვირთულია. მისი განმარტებით, რუსეთს 2030 წლისთვის 1,000-მდე თვითმფრინავის ადგილობრივად წარმოების შესაძლებლობა აქვს. შვეიცარიული კომპანია ch-aviation-ის ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად 911 თვითმფრინავი ოპერირებს, რომელთაგან 405 – რუსული წარმოებისაა.