ელ-სალვადორი ბიტკოინის უცხოელ ინვესტორებს მოქალაქეობას სთავაზობს

ელ-სალვადორი ბიტკოინის უცხოელ ინვესტორებს მოქალაქეობას სთავაზობს

ელ-სალვადორის კონგრესმა მიგრაციის ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც ბიტკოინის უცხოელ ინვესტორებს სურვილის შემთხვევაში მოქალაქეობას მიანიჭებს. მიგრაციის ახალი კანონი ელ-სალვადორის პრეზიდენტის პარტიის, „ახალი იდეის პარტიის“ მხარდაჭერით მიიღეს, რომელიც კონგრესში უმრავლესობას წარმოადგენს. კანონი ძალაში მომდევნო დღეების განმავლობაში შევა.

ელ-სალვადორის მთავრობის წევრების განმარტებით, პრეზიდენტის რეფორმის მიზანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერაა. ამის მიღწევა კი „ალტრუისტი უცხოელი ინვესტორების მიერ ბიტკოინის „დონაციით“ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებების მხარდაჭერით შეიძლება. საინტერესოა, რომ კანონში მითითებული არაა ბიტკოინის „დონაციის“ მინიმალური ზღვარი. ერთი ბიტკოინის ფასი დღეს კრიპტობირჟებზე $43,741-ს შეადგენს.

რეფორმის თანახმად, პირს, რომელიც ელ-სალვადორს „დონაციის“ სახით ბიტკოინს შესწირავს, ნატურალიზაციის სტანდარტული პროცედურა, რომელიც 5-წლიან მუდმივად ცხოვრების ვალდებულებას გულისხმობდა, აღარ დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად 2021 წელს მიიღო. თუმცა გადაწყვეტილების იმპლემენტაციას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. ქვეყნის პრეზიდენტის არაპოპულარული გადაწყვეტილების შემდეგ, საკუთარი აქტივები ელ-სალვადორში ბიტკოინის ბევრმა ინვესტორმა გადაიტანა, რითაც მათ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

ქვეყნის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე 4 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს თავიდან იყრის და თანამდებობის შენარჩუნებას ეცდება.