ისრაელი ჩიპების ქარხნის ასაშენებლად Intel-ს $3.2 მილიარდს გადასცემს

ისრაელი ჩიპების ქარხნის ასაშენებლად Intel-ს $3.2 მილიარდს გადასცემს

ისრაელის მთავრობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩიპების ახალი ქარხნის ასაშენებლად Intel Corp-ს $3.2 მილიარდის გრანტს გადასცემს. პროექტის ჯამური ღირებულება $25 მილიარდია, რაც ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც ოდესმე რომელიმე კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულა.

Intel-ი ჩიპების საწარმოო ობიექტის განვითარებას ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ კირიათ-გათში გეგმავს, რომელიც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ტერიტორიიდან 42 კილომეტრში მდებარეობს. კომპანიის განცხადებით, ისრაელში ქარხნის აშენება მნიშვნელოვანი ნაწილია Intel-ის ძალისხმევის, რომელიც ევროპასა და აშშ-ში ინვესტიციების გარდა, გლობალური სტაბილური მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

ამერიკული კომპანიის წინადადება ერთგვარი მხარდაჭერაა ქვეყნისთვის, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასთან“ კვლავ შეიარაღებულ დაპირისპირებაში იმყოფება. ისრაელის გულუხვი შეთავაზება კი მაშინ მოდის, როდესაც ქვეყნის მთავრობაზე ვაშინგტონი, ღაზის მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად, ზეწოლას აძლიერებს.

აღმასრულებელი დირექტორის, პეტ გელსინჯერის ხელმძღვანელობით, Intel-მა სამ კონტინენტზე ქარხნების მშენებლობისთვის მილიარდობით დოლარის ინვესტიციები განახორციელა. კომპანიის მიზანია, კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიც AMD-ი, Nvidia და Samsung-ია. ისრაელში ახალი ქარხნის მშენებლობა უახლესი ინვესტიციაა, რომელიც ბოლო წლებში ამერიკულ ჩიპების მწარმოებელს განუხორციელებია.

გარდა ამისა, Intel-ი მაგდებურგში, ჩიპების მწარმოებელი ორი ქარხნის განსავითარებლად, $33 მილიარდსაც გამოყოფს. 2022 წელს კი კომპანიამ ოჰაიოში, მსოფლიოში პოტენციურად ყველაზე დიდი ჩიპების წარმოების კომპლექსის ასაშენებლად $100 მილიარდის გამოყოფაც დააანონსა.