უკრაინა ბელარუსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეწყვეტას განიხილავს

უკრაინა ბელარუსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეწყვეტას განიხილავს

უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს ბელარუსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინამ ბელარუსის მიერ რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო მიიღო.

გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთი ბელარუსს უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმადაც იყენებს. შესაბამისად, უკრაინის მთავრობა ბელარუსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1992 წლის შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული ორი პროტოკოლის გაუქმებას განიხილავს.

ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის შეთანხმებები საპარლამენტო თანხმობის შემდეგ უნდა შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ბელარუსი უკრაინას დიდი მოცულობით საწვავსა და სასუქებს აწვდიდა.