დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში” ჯოჯოხეთის კარიბჭეზე გაკეთებულია წარწერა: „შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!” იგივე წარწერა უნდა იყოს გამოკრული იმ ადგილებშიც, სადაც ეკონომისტ ნურიელ რუბინის გამოსვლებია დაგეგმილი.
თავისი რეპუტაციის შესაბამისად, რომელმაც მას მეტსახელი Dr. Doom (დოქტორ „აღსასრული”) არგუნა, რუბინიმ ნიუ-იორკში გამართულ Bloomberg Tradebook-ის კონფერენციაზე საკმაოდ მუქ ფერებში აღწერა მდგომარეობა, რომელიც 2012 წლის მოვლენებს განსაზღვრავს. მან ჩამოთვალა არსებული გაურკვევლობისა და მერყეობის წყაროები – ევროპის სისტემური რისკები, ვაშინგტონის პოლიტიკის ჩიხური მდგომარეობა, ჩინეთის განვითარების არასაიმედო მოდელი და მითი იმის შესახებ, რომ გლობალურ ეკონომიკას მოშლა ელის – G-Zero world, როგორც ამას რუბინი და მისი კოლეგა, Eurasia Group-ის პრეზიდენტი იან ბრემერი უწოდებენ.
მისი წინასწარმეტყველებებიდან ყველაზე შემაშფოთებელია 2013 ან 2014 წელს მოსალოდნელი ჩინეთის კოლაფსი.
„მსოფლიო ეკონომიკაში არსებული პრობლემების უმრავლესობა არც დროებითია და არც შემთხვევითი”, – განმარტა რუბინიმ კონფერენციაზე. NYU-ს (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) ცნობილმა ეკონომისტმა ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტენდენცია, რომლებიც 2012-ს არცთუ სახარბიელო წლად აქცევენ.
ფართო მოხმარების პროდუქტების შესახებ რუბინიმ აღნიშნა: „ენერგიასთან და საკვებთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეიცვლება. ისეთი ტენდენციები, როგორიცაა მოსახლების გლობალური ზრდა და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლის მატება, იმოქმედებს ნედლეულის მიწოდებაზე, რომელიც მე-19 საუკუნის გამოჩენილი ეკონომისტის, თომას მალთუსის თანახმად, ძალიან ნელა იზრდება. რუბინი თვლის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში Caterpillar-ისა და მსგავსი კომპანიების აქციათა ფასების აწევას თავისი საფუძველი აქვს.
არაბულმა გაზაფხულმა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის მთავრობები უკვე ჩამოაშორა ხელისუფლებას, რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა უფრო გააღვივა, რაც, რუბინის აზრით, ძალაში ტოვებს შეთანხმებას ნავთობის სექტორში რისკის პრემიასთან დაკავშირებით. „ნავთობის ფასი გაიზრდება”, – განუცხადა მან დამსწრე საზოგადოებას. ეს თუ მართლაც ასეა, Exxon Mobil-ისა და Chevron-ის მსგავსი მსხვილი ენერგოკომპანიები დიდ სარგებელს მიიღებენ.
ეს „გაურკვევლობის ფაქტორები” ისედაც სუსტ წინსვლას შეაფერხებენ, თუ საერთოდ შეიძლება წინსვლა ეწოდოს იმას, რასაც ე.წ. მოწინავე ეკონომიკები განიცდიან. „ეს უბრალო რეცესია არ ყოფილა, ეს ბალანსის კრიზისი გახლდათ, რომელიც ზედმეტმა ლევერეჯმა გამოიწვია, – განაცხადა რუბინიმ და იქვე დასძინა, – კვლევების მიხედვით, დავალიანებისა და დეფიციტის შემცირებას ათწლეულები დასჭირდება”.
დეგირინგის ციკლი მთელი ძალით ამუშავდა, როდესაც მთავრობებმა ეკონომიის მკაცრ ზომებს მიმართეს, რაც ევროზონას თითქმის გარდაუვალ რეცესიას, ამერიკას კი წინსვლის შეფერხებას უქადის. რუბინის მოჰყავს კეინზიანური არგუმენტი, რომ კერძო სექტორის შეზღუდვისას (მთლიანი მოთხოვნის შემცირება), მთავრობამ უნდა შეავსოს დეფიციტი, რათა თავიდან აიცილოს რეცესია. თუმცა მას შემდეგ, რაც აფეთქებული გლობალური ფინანსური სისტემის ხანძარი ჩააქრეს, სახელმწიფო სექტორიც ქამრების შემოჭერას იწყებს.
სუსტი მმართველობა სტატუს-კვოს ვერ შეცვლის. ამერიკაში პოლიტიკა ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშია, რომ ვერც ერთი ძირითადი კანდიდატი – ვერც ბარაკ ობამა და ვერც მიტ რომნი – კონგრესის ორივე პალატის გაკონტროლებას ვერ შეძლებს. ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ 2012 არჩევნების წელია და უარეს აპათიაში ჩავვარდებით. „ამომრჩეველი ცენტრში რჩება, ხოლო ორივე პარტია სულ უფრო რადიკალური ხდება”, – განმარტავს რუბინი.
რუბინიმ, თავის კოლეგასთან, იან ბრემერთან ერთად, ხაზი გაუსვა G-Zero world-ის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც არ არსებობს გლობალური ჰეგემონი, რომელსაც იმ დონის მხარდაჭერის მიღება შეუძლია, რომ პოლიტიკა განსაზღვროს. ნაწყვეტი მათი სტატიიდან Foreign Affairs -ში:
„მსოფლიო დიდ ოცეულს (G 20) არ ეკუთვნის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში წამყვანი ეკონომიკების გაფართოებული ჯგუფი, პოლიფონიიდან – კონკურენტული ხმების არაკეთილხმოვანებაში გადაიზარდა, რადგანაც ფინანსური კრიზისის ისტერია მიწყნარდა და ჯგუფის შიგნით არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ფასეულობების მრავალფეროვნება გამოაშკარავდა”.
რუბინიმ გააკრიტიკა ისინი, ვინც მოელის განვითარებადი ეკონომიკების სრულ გამოყოფას განვითარებული სამყაროსგან და გაგვაფრთხილა, რომ ევროპული კრიზისი უფრო გაღრმავდება. რეზერვისა და ნამატის (Stock and flow) პრობლემა, ისევე, როგორც დიდი მოცულობის ვალისა და გაყინული ლიკვიდურობის ერთობლიობა – და ყოველივე ამის ეკონომიის მკაცრი სანქციებით გამოსწორების მცდელობა – არსებული რეცესიის გაღრმავებას გამოიწვევს.
რუბინის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საბერძნეთი, დატოვონ ევროზონა და არგენტინასავით მიმართონ რეალურ ამორტიზაციას,რათა აღიდგინონ მწარმოებლურობა.
მაგრამ მისი წინასწარმეტყველების ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი ჩინეთის მოსალოდნელ კოლაფსს უკავშირდება. არსებული მოდელი – რომელიც ხასიათდება დაგროვების მაღალი ნორმით, მოხმარების დაბალი მაჩვენებლითა და მშპ-ს დაახლოებით 50%-ის მიმართვით ფიქსირებულ კაპიტალდაბანდებაში – რუბინის მტკიცებით, არც დაბალანსებულია და არც მდგრადი. „დავალიანება მალე მშპ-ს 80%-ს მიაღწევს”, – ხსნის იგი, გულისხმობს რა რეგიონალურ მთავრობებსაც. შეღავათიანი კრედიტების პოლიტიკა ჩავარდება, რაც საბანკო სექტორს სერიოზულად დააზარალებს, ეს კი, თავის მხრივ, სესხების გაპრობლემების მიზეზი გახდება – რისი საშიშროებაც უკვე არსებობს. „ეს წელს არ მოხდება, მაგრამ თუ ისინი არსებულ მოდელს არ შეცვლიან, 2013 ან 2014 წელს კოლაფსის მოწმენი გავხდებით”, – აცხადებს რუბინი.
Dr. Doom-ის (დოქტორ „დასასრულის”) პროგნოზები 2012 წლისა და შემდგომი პერიოდის თაობაზე მართლაც პესიმისტურია. პასუხად შეკითხვაზე, რა სფეროში განახორციელებდა ის ინვესტიციას (იმ დათქმით, რომ ოქრო არ დაესახელებინა), რუბინიმ აღნიშნა, რომ რისკისათვის თავის არიდების პოლიტიკა ინვესტორებს ამერიკული დოლარისა და სახელმწიფო ობლიგაციებისაკენ უბიძგებს.
2012 წლის რუბინისეულმა პროგნოზებმა შესაძლებელია მოგვაგონოს მაიას წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც ამ წელს სამყაროს დასასრულია მოსალოდნელი; თუმცა აპოკალიფსი, რუბინის თვალსაზრისით, 2013 ან 2014 წელს დადგება, თუკი ჩინეთის ეკონომიკა მართლაც დაინგრევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ.
დატოვე კომენტარი