2024 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი 49%-ით გაიზრდება

2024 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი 49%-ით გაიზრდება

მზარდი ინფლაციისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, თურქეთში, მომავალი წლიდან, მინიმალური ხელფასი ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით 49%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 100%-ით გაიზრდება. არსებული პროგნოზებით, მომდევნო თვეებში ქვეყანაში ინფლაცია 70%-ს გადააჭარბებს.

თურქეთის შრომის მინისტრ ვედატ იშიხანის განცხადებით, მომავალი წლიდან ქვეყანაში თვიურ მინიმალურ ანაზღაურებად ერთი პირისთვის 17,002 თურქული ლირა ($578) განისაზღვრება. მინიმალურ თვიურ ანაზღაურებას ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის მესამედი გამოიმუშავებს. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ერთი წლის განმავლობაში სახელფასო მინიმუმის ორი კორექტირება მოხდა, მომავალ წელს მხოლოდ ერთჯერადი ზრდა იგეგმება.

თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის რეკორდს – 61.98%-ს, ნოემბერში მიაღწია. ინფლაციის მკვეთრი ზრდა 2021 წლის ბოლოს, სავალუტო კრიზისის შემდეგ დაიწყო, გასული წლის ოქტომბერში კი 24-წლიან მაქსიმუმს – 85,51%-ს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ლირა 35%-ით გაუფასურდა.

მაღალი ინფლაცია უაყოფითად მოქმედებს თურქეთის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე და მთავრობას, ხალხის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, ხელფასების ზრდისკენ უბიძგებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მომავალი წლის მარტში ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული.