წყალბადი: დაბალნახშირბადიანი მომავლის საწვავი

წყალბადი: დაბალნახშირბადიანი მომავლის საწვავი

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე წყალბადის ენერგიის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს:

„მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის ენერგია ახალი კონცეფცია არ არის, უკანასკნელ წლებში მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა. მიზეზი – კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა. დაბალემისიანი წყალბადი ხშირად განიხილება, როგორც აუცილებელი ელემენტი პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული წმინდა ნულოვანი ემისიების 2050 წლისთვის მისაღწევად. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) თანახმად, სცენარში, სადაც გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით 1.5°C-მდეა შეზღუდული, 2050 წლისთვის წყალბადის წილი ენერგიის მთლიანი მოხმარების 14%-ია, საიდანაც 94% განახლებადი წყაროებიდანაა წარმოებული“

დაბალნახშირბადიანი წყალბადის პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია ისეთ სექტორებში, სადაც რთულია წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. ასეთია ფოლადისა და ცემენტის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ასევე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის საწვავი. გარდა ამისა, წყალბადის გამოყენება შესაძლებელია სხვა დანიშნულებებითაც, მათ შორის, ენერგიის გრძელვადიანი შენახვისთვის, ელექტროენერგიის წარმოებისა და სისტემის დაბალანსებისთვის. წიაღისეული საწვავის წყალბადით ჩანაცვლებით აგრეთვე შესაძლებელია სახელმწიფოების ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ.

წყალბადი, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ელემენტია, ბუნებაში თავისუფალი ფორმით იშვიათად გვხვდება. იგი უმეტესად მოიპოვება მოლეკულებში, სხვა ელემენტებთან ერთად და მისი გამოყოფისთვის ენერგიაა საჭირო. წყალბადს განასხვავებენ მისი წარმოებისთვის გამოყენებული ენერგიის წყაროს მიხედვით: „ნაცრისფერი“ წყალბადი იწარმოება ბუნებრივი გაზით, „ლურჯი“ – ბუნებრივი გაზითა და ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიის გამოყენებით, „შავი“ – ქვანახშირით, „ვარდისფერი“ – ბირთვული ენერგიით და სხვა. რაც შეეხება „მწვანე“ წყალბადს, მისი გამოყოფა წყლის მოლეკულებიდან ხდება ელექტროლიზის მეშვეობით, განახლებადი ენერგიით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენებით.

წყალბადი დღესაც დიდი რაოდენობით გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ამიაკის წარმოება სასუქისთვის და ნავთობის გადამუშავება. „მწვანე“ წყალბადის გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია სწორედ არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ცნობით, წყალბადის წარმოებაში დაბალემისიანი წყალბადის წილი დღეს 1%-ზე ნაკლებია. „მწვანე“ წყალბადით წიაღისეული საწვავით წარმოებული წყალბადის ჩანაცვლება ხელს შეუწყობს ელექტროლიზის ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს მის ღირებულებას.

დაბალნახშირბადიანი წყალბადისადმი ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი. მიზეზი სუფთა წყალბადის ეკონომიკის განვითარების წარსული წარუმატებელი მცდელობები და ის არაერთი გამოწვევაა, რომლებიც აფერხებს დაბალნახშირბადიანი წყალბადის ფართოდ გავრცელებას. ასეთია, მაგალითად, მისი ღირებულება, რომელიც აღემატება ელექტროენერგიისა და წიაღისეული საწვავის ფასს. შედეგად, პროდუქტზე მოთხოვნა დაბალია, რაც, თავის მხრივ, ართულებს სუფთა წყალბადის პროექტების დაფინანსებას. გარდა ამისა, „მწვანე“ წყალბადის წარმოებისთვის საჭიროა დიდი ოდენობის განახლებადი ენერგია და წყალი. დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ასევე წყალბადის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სექტორის განვითარებისთვის საჭირო მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება.

აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დაბალნახშირბადიანი წყალბადის პროექტების მხარდაჭერა სახელმწიფოების მიერ. სუფთა წყალბადის მხარდამჭერი პოლიტიკით მოწინავე ადგილებს აშშ და ევროკავშირი იკავებს. 2022 წელს აშშ-ში მიღებული ინფლაციის შემცირების აქტი ითვალისწინებს $3-მდე საგადასახადო მხარდაჭერას ერთი კილოგრამი სუფთა წყალბადისთვის, რაც, BloombergNEF-ის თანახმად, საშუალებას მისცემს დაბალნახშირბადიან წყალბადს, კონკურენცია გაუწიოს წიაღისეული საწვავით წარმოებულ წყალბადს. გასულ კვირას აშშ-ის ხაზინამ წარადგინა მხარდაჭერით სარგებლობის წესის პროექტი, რომლის თანახმად, მხარდაჭერის მისაღებად, წყალბადის მწარმოებელი უნდა იყოს მიერთებული იმავე რეგიონულ ქსელზე, რომელზეც მიერთებულია მისი წარმოებისთვის გამოყენებული, განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური. ამასთანავე, წყალბადის საწარმოებლად გამოყენებული ელექტროენერგია მიღებული უნდა იყოს ახლად აშენებული სუფთა ენერგიის წყაროდან, 2028 წლიდან კი, პროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება წყალბადის იმ საათებში წარმოება, როდესაც ხდება სუფთა ელექტროენერგიის გენერირება.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდგომ მიღებული REPowerEU-გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ სამიზნე მაჩვენებლებს 2030 წლისთვის ევროკავშირში განახლებადი წყალბადის წარმოებისა და იმპორტისთვის, ჯამურად 20 მილიონ ტონას წელიწადში. ნოემბერში ევროკომისიამ დაამტკიცა საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა და ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების სია, სადაც 166 პროექტიდან 65 წყალბადს უკავშირდება. გარდა ამისა, ნოემბრის ბოლოს დაიწყო საპილოტე აუქციონი, რომელიც ითვალისწინებს 800 მილიონ ევრომდე მხარდაჭერას წყალბადის პროექტებისთვის. 8 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა და საბჭომ მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის წყალბადისა და დეკარბონიზებული გაზის პაკეტზე, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ევროკავშირში წყალბადის ბაზრის შექმნას და დაარეგულირებს მის გადაცემას, განაწილებასა და შენახვას.

IEA-ის ანგარიშის თანახმად, დაბალემისიანი წყალბადის წარმოების დაანონსებული პროექტების რაოდენობა სწრაფად იზრდება და 2030 წლისთვის შესაძლოა, 38 მილიონ ტონას მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებულია პოტენციური წარმოების მხოლოდ 4%-თან მიმართებით. ამავდროულად, გამოიკვეთა ასიმეტრია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რადგან დაბალემისიანი წყალბადის წახალისების პოლიტიკა ძირითადად კონცენტრირებულია მის წარმოებაზე და ნაკლებად – მოხმარებაზე. IEA-ის თანახმად, გლობალური სამიზნე მაჩვენებელი დაბალემისიანი წყალბადის წარმოებისთვის ჯამურად 27-35 მილიონი ტონაა, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი მოხმარებისთვის მხოლოდ 14 მილიონ ტონას შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რესურსები შეზღუდულია, დარგის განსავითარებლად აუცილებელიაკერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. ამ მხრივ დღეს არსებული ტენდენცია არადამაკმაყოფილებელია. მსოფლიო მასშტაბით კერძო საწარმოების მიერ ხელმოწერილია შეთანხმება 2 მილიონ ტონამდე დაბალემისიანი წყალბადის შესყიდვაზე, თუმცა მათი ნახევარზე მეტი არასავალდებულო ხასიათისაა.

დაბალნახშირბადიანი წყალბადის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი წარმოშობის სერტიფიცირება, რაც ადასტურებს მის დაბალემისიურობას და თავიდან აირიდებს ე.წ. „გრინვოშინგს“. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს წყალბადის სერტიფიცირების სქემების განვითარება, თუმცა აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და სახელმწიფოების მიერ სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება.

დაბალნახშირბადიან წყალბადს გააჩნია დიდი პოტენციალი როგორც მდგრად საწვავს, თუმცა აუცილებელია შესაბამისი გამოწვევების დაძლევა, რომლებიც უკავშირდება მის წარმოებას, ღირებულებას, ტრანსპორტირებასა და რეგულირებას. სახელმწიფოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო თანამშრომლობით შესაძლებელია წყალბადი ჩვენი მომავლის ენერგეტიკული ლანდშაფტის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს“. S