Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ს აქციების ღირებულება 8 იანვარს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. აქციების ფასის ზრდა მწარმოებლის მიერ ახალი გრაფიკული პროცესორების წარდგენას მოჰყვა.

კერძოდ კი, ორშაბათს Nvidia-ს აქციების ღირებულება 6.4%-ით და $522,53-მდე გაიზარდა. მსგავსი მაჩვენებლისთვის კომპანიას აქამდე არასდროს მიუღწევია. აქციების ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ GeForce RTX 40 SUPER სერიის გრაფიკული პროცესორები წარადგინა, რომლებიც ძირითადად ვიდეოთამაშების მოყვარულთათვისაა შექმნილი. გარდა ამისა, მან AI-სთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები და პროგრამული უზრუნველყოფა დააანონსა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ტრეიდერებმა Nvidia-ს 32 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გადაცვალეს.

ცნობისთვის, 2023 წლის განმავლობაში ამერიკული კომპანიის აქციების ღირებულება 240%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი წლის ბოლო ორ ფისკალურ კვარტალში, შესაბამისად, 101 და 206%-ით. მსგავსი შედეგები გასული წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც, დიდი ალბათობით, 2024 წელსაც გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.3 ტრილიონს შეადგენს.