ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2023 წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება და ასეც მოხდა. ამის მიზეზი 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაა (საბაზისო ეფექტი), საგრძნობლად გაძვირებული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად არ გაძვირდა, თუმცა არც გაიაფდა. ასევე ახდა ის მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებდა. ლარის კურსი წლის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო, მაგრამ საშუალოდ 2022 წლის მეორე ნახევრის მაჩვენებელზე შენარჩუნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, რამაც ჯამური გზავნილების შემცირება გამოიწვია.
2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა 2023 წლისთვის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე პროგნოზი 6.5%-მდე გაიზარდა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული ეფექტის გაგრძელებამ განაპირობა, განსაკუთრებით – წლის პირველ ნახევარში.
ეკონომიკური ზრდა
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში ზრდა 8% იყო, მეორეში – 7.8% და მესამეში 5.7%. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ 6.5%-თან ახლოს იქნება.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. ომის გამო საქართველოში 100 ათასამდე მიგრანტი ჩამოვიდა საცხოვრებლად, რამაც რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ, 2.1 მლრდ დოლარამდე გაზარდა. იმატა მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე. ომს მოჰყვა საქართველოს სატრანსპორტო როლის ზრდაც და ა.შ.. საბოლოოდ, ომის შედეგად შეცვლილმა გარემოებებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აამაღლა.
2023 წლის პირველ ნახევარში რუსული ფულისა და ომის გავლენის ეფექტი ჯერ კიდევ მუშაობდა. მაგალითად, ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა. წლის მეორე ნახევრიდან რუსეთიდან გზავნილებმა და რუსეთთან ვაჭრობამ კლება დაიწყო. ყველა ის ფაქტორი, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდას ეხმარებოდა, შესუსტდა. შედეგად, ივლისიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%-ს ჩამოსცდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
2023 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 22%, მშენებლობა – 18%, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 17%, განათლება – 16% და ვაჭრობა – 13%. 12%-ით შემცირდა ჯანდაცვის სექტორი, 4%-ით – დამმუშავებელი მრეწველობა, 2%-ით – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
ინფლაცია და ლარის კურსი
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 0.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ძირითადი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასები არ შეცვლილა. ასეთი დაბალი ინფლაცია ბოლოს 2016 წლის ნოემბერში იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა 6.6%-ით, 5.1%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი, 3.6%-ით – განათლება. 4.3%- ით გაიაფდა ჯანდაცვა (წამლებზე ფასის კლების გამო), 3.5%-ით – საოჯახო ნივთები, 3.1%-ით – სურსათი. თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ყველაზე მეტად, 62%-ით, ყურძენი გაძვირდა. შემდეგ ატამი მოდის, რომელიც 37%- ით გაძვირდა. ძროხის ხორცი 14%-ით გაძვირდა, ყავა – 10%-ით. გაიაფებით ყველაზე მეტად წიწიბურა (45%-ით) და მზესუმზირას ზეთი (34%-ით) გაიაფდა.
20021-2022 წლებში ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეაწუხა. გლობალურ დონეზე ინფლაციის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტი და შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა იყო. 2022 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, უკრაინა-რუსეთის ომით ბაზარზე გამოწვეულმა შოკმაც გადაიარა და უმეტეს ქვეყნებში ინფლაციის დონემ კლება დაიწყო.
წლიური ინფლაცია საქართველოში
2023 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.7 იყო. მაისამდე ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ჰქონდა და 2.48-მდე შემცირდა. კიდევ მეტად შემცირდებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები. იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა 938 მლნ დოლარი შეისყიდა და კურსის გამყარების ტემპი შეანელა. ივნისიდან ლარმა გაუფასურება დაიწყო და 2.60-ის ფარგლებში დასტაბილურდა. სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების რეგულირების წესი შეცვალა, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს დასავლურ სანქციებთან მიერთება შეეზღუდათ. ამან საფინანსო ბაზარზე პანიკა გამოიწვია და ლარმა გაუფასურება დაიწყო. ეროვნულ ბანკს 110 მლნ დოლარის გაყიდვა დასჭირდა, რომ ლარის კურსის ვარდნა შეეჩერებინა. საბოლოოდ, ლარის კურსი 2.7-ის ფარგლებში გაჩერდა.
საერთო ჯამში, ლარის კურსზე ყველაზე დიდი გავლენა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებისა და გადინების ბალანსს აქვს, რაც წლის მეორე ნახევარში გაუარესდა.
დაბალმა ინფლაციამ და ლარის კურსის შედარებით სტაბილურობამ ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათანობით შეერბილებინა. 2023 წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 11% იყო, რაც წლის ბოლომდე 9.50%-მდე შემცირდა.
იანვარ-ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 167 მლნ დოლარი გაყიდა და 1,459 მლნ დოლარი შეისყიდა. ეს აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით, 2023 წელი მნიშვნელოვან დადებით ბალანსში იყო (ძირითადად, წლის პირველი ნახევრის გამო).
საგარეო ვაჭრობა
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.2%-ით გაიზარდა. ექსპორტი 11%- ით გაიზარდა და 5.6 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16%-ით გაიზარდა და 14 მლრდ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (ზრდა 1.2 მლრდ დოლარი), სპირტიანი სასმელები (ზრდა 52 მლნ დოლარი), უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 44 მლნ დოლარი), ელექტროენერგია (ზრდა 17 მლნ დოლარი).
ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა ყირგიზეთში (ზრდა 556 მლნ დოლარი), ყაზახეთში (ზრდა 449 მლნ დოლარი), სომხეთში (ზრდა 215 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანში (ზრდა 192 მლნ დოლარი). აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა ძირითადად ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა.
იმპორტის ზრდა ყველაზე მეტად მსუბუქმა ავტომობილებმა განაპირობა, რომელთა იმპორტი 1.4 მლრდ დოლარით გაიზარდა და 2.9 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სამკურნალო საშუალებების იმპორტი 129 მლნ დოლარით გაიზარდა, საკვები პროდუქტების – 96 მლნ დოლარით, ტანსაცმლის – 73 მლნ დოლარით.
ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად აშშ-დან გაიზარდა – 882 მლნ დოლარით და 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ავტომობილების იმპორტმა განაპირობა. ევროკავშირიდან იმპორტი 723 მლნ დოლარით გაიზარდა, იაპონიიდან – 297 მლნ დოლარით და ჩინეთიდან – 218 მლნ დოლარით.
იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტმა 8.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 11 თვის დეფიციტზე 1.4 მლრდ დოლარით მეტია.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5.6 მლნ ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია. 5.6 მლნ ვიზიტორიდან ტურისტი (ვინც საქართველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა) 3.7 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით 2023 წლის 9 თვეში 8%-ით ნაკლები რაოდენობის ტურისტი შემოვიდა, ანუ პანდემიამდელ რაოდენობას ვერ დავუბრუნდით.
იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 1.1 მლნ – რუსეთიდან შემოვიდა, 2022 წელთან შედარებით ზრდა 47%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. შემდეგ თურქეთი მოდის 1 მლნ ვიზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 736 ათასით, მეოთხეზე ისრაელია 183 ათასით და მეხუთეზე აზერბაიჯანია 147 ათასით.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს არ დაუბრუნდა, ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის 9 თვეში საქართველომ ვიზიტორებისგან 2.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2023 წლის 9 თვეში 26%-ით მეტი – 3.3 მლრდ დოლარი. 2019 წელთან შედარებით შემოსავლების ზრდა ინფლაციამ განაპირობა, ტურისტებს მეტი თანხა ეხარჯებათ. 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი – 767 მლნ დოლარი რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს. შემდეგ მოდის თურქეთის მოქალაქეები 484 მლნ დოლარით და ევროკავშირის მოქალაქეები 428 მლნ დოლარით.
ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, მლნ დოლარი
2023 წლის 11 თვეში საქართველოში 3.8 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლისაზე 80%-ით მეტია. 2022 წელთან შედარებით შემცირება რუსეთიდან გზავნილების 17%-ით კლებამ განაპირობა. 2022 წლის მაის-ნოემბერში რუსეთიდან თვეში საშუალოდ 221 მლნ დოლარი ირიცხებოდა, ხოლო 2023 წლის მაის-ნოემბერში – 88 მლნ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გზავნილები შემცირდა, ჯამურ გზავნილებში მაინც პირველ ადგილზეა 1.5 მლრდ დოლარით. ევროკავშირიდან 1.2 მლრდ გადმოირიცხა, აშშ-დან – 410 მლნ დოლარი, ისრაელიდან – 194 მლნ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დღეისათვის 2023 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 1,388 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 22%-ით ნაკლებია.
ინვესტიციები ყველაზე მეტად ნიდერლანდებიდან (207 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (59 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად ესპანეთიდან (337 მლნ დოლარით), ირლანდიიდან (120 მლნ დოლარით) და გაერთიანებული სამეფოდან (93 მლნ დოლარი) შემცირდა.
სექტორების მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 342 მლნ დოლარი – საფინანსო სექტორში შემოვიდა. შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა 288 მლნ დოლარით და ენერგეტიკა 234 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სამთომოპოვებით მრეწველობაში განხორციელდა – 1.3 მლნ დოლარი. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება (-313 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში დაფიქსირდა. 198 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტიციები წყალმომარაგების სეტორში, 106 მლნ დოლარით – გართობა-დასვენების სექტორში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
2024 წლის გამოწვევები
2023 წლის მსგავსად, 2024 წელიც ბუნდოვანი მომავლით იწყება, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზე და არავინ იცის, ომი წელს დასრულდება თუ არა, ან რა შედეგით დასრულდება. გაურკვევლობას ზრდის ოქტომბერში საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნები, რადგან არჩევნების წელს ყოველთვის მეტი პოლიტიკური მღელვარება და დესტაბილიზაციის გაზრდილი რისკი ახლავს.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, 2024 წლის ეკონომიკაზე კანდიდატის სტატუსის ეკონომიკური სიკეთეების გავლენა უმნიშვნელო იქნება. შეიძლება ითქვას, წელს კანდიდატის სტატუსი ყველაზე მეტად იმით დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ აქაც გაურკვევლობა მაღალია. ჯერჯერობით გასულმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა, მაგრამ რა ფაქტორებმაც ეკონომიკური ზრდა დააჩქარა, ეს ფაქტორები შესაძლოა 2024 წელს აღარ გაუმჯობესდეს.
2023 წლის მეორე ნახევარში რუსეთთან ვაჭრობამ და რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა კლება დაიწყო. ეს ტენდენცია 2024 წელსაც თუ გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ლარის კურსის სტაბილურობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს.
მოსალოდნელი საგარეო შოკის შერბილება შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს დაიწყო. რადგან მაღალი ინფლაცია აღარ არის გამოწვევა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იქნება.
2022-2023 წლებში ლარის კურსი გამყარდა, თუმცა გამყარებას საკმაოდ სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა – უცხოური ვალუტის მოულოდნელი ნაკადები, რაც რამდენად შენარჩუნდება, არ ვიცით. გასათვალისწინებელია საგარეო ვაჭრობის გაზრდილი დეფიციტიც, რომელიც კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა, ამავე დროს, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და აუცილებლობის შემთხვევაში ლარის კურსის სტაბილურობისთვის გაყიდის. მთავრობა შეეცდება, არჩევნების წინ სტაბილური ლარის კურსი და ფასების დონე იყოს.