განვითარებადი ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არაერთი განზომილება აქვს. ისინი არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა. მოკლევადიან პერიოდში უცხოური ინვესტიციები ადგილობრივი მოხმარებისა და დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, გრძელვადიან პერიოდში კი მათ ბევრად დიდი სარგებელი მოაქვთ. განვითარებული ეკონომიკიდან განვითარებადი ქვეყნის მიერ უცხოური კაპიტალის მიღება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერთან ასოცირდება, რომელიც წარმოების პროდუქტიულობის ზრდაში აისახება. ეს უკანასკნელი კი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის თვალსაჩინო დეტერმინანტია.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების ფარდობითი დონით უნგრეთი გამოირჩევა. ბოლო ათწლეულში უნგრეთის მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 18.3%-ია. 2003-12 წლებში ეს მაჩვენებელი 14.6% იყო.
რეგიონის ქვეყნებს შორის, უნგრეთის შემდეგ, გამორჩეული საქართველოა, სადაც უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები ბოლო ათწლიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8.5%-ია. აღნიშნული კი წინა ათწლეულთან შედარებით შემცირებულია, რადგან 2003-12 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9.9%-ს შეადგენდა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით რუსეთი გამოირჩევა. თუკი 2003-12 წლებში რუსეთის მიერ მიღებული უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები ეკონომიკის 3% იყო, ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულში 1.2%-მდეა შემცირებული.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები მშპ-სთან, %
მეთოდოლოგია
საქართველოს რეგიონად გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაცით განსაზღვრული ქვეყნებია აღებული.
მონაცემები მოპოვებულია მსოფლიო ბანკის ბაზიდან. წმინდა ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გამოთვლილია შემდეგი სახით:
სადაც t – დროის პერიოდია (2003-2012 და 2013-22 წლები), nI – წლის მანძილზე მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადი, Y კი – საანგარიშო პერიოდში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა. i ასახავს მოცემულ ათწლიან პერიოდში საშუალო წლიურ წმინდა უცხოური ინვესტიციების ფარდობით მაჩვენებელს ეკონომიკასთან მიმართებით.