Nintendo 3DS ცვლის სამყაროს

Nintendo 3DS ცვლის სამყაროს

იაპონურმა კომპანიამ გამოუშვა სამგანზომილებიანი კონსოლი, რომელსაც სპეციალური სათვალე არ სჭირდება.

1985 წელს Nintendo-მ გამოუშვა Nintendo Entertainment System, რითაც ახალი სიცოცხლე შთაბერა საოჯახო ვიდეოთამაშების მომაკვდავ ბაზარს. 2006 წელს კომპანიამ შექმნა Nintendo Wii, რომლითაც კიდევ ერთ სათამაშო ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი. და აი, 2011 წელს კომპანია ისევ ცვლის სამყაროს.

25 მარტს ევროპის ბაზარზე გამოტანილი Nintendo 3DS გარეგნულად დიდად არ განსხვავდება DS სერიის წინამორბედებისაგან (რომელთა გაყიდვების რიცხვიც 2004 წლიდან დღემდე 145 მილიონს აღწევს). ამ ოჯახის ბოლო წარმომადგენელი ისევე გამოიყურება, როგორც მისი უფროსი ნათესავები – ჯიბის ზომის პლასტიკური გასაშლელი მოწყობილობა, რომელსაც ორივე შიდა პანელზე ეკრანი აქვს.

მაგრამ საკმარისია მოწყობილობა ჩავრთოთ და ნათელი ხდება, რომ ეს სულ სხვა რამაა. 3DS-ის ზედა ეკრანი იმგვარადაა მოწყობილი, რომ თითოეული თვალი პიქსელების განსხვავებულ ნაკრებს ხედავს. მისაერთებელ დეტალს შეუძლია სამგანზომილებიანი გრაფიკა სპეციალური სათვალის გარეშე გვიჩვენოს.

2010 წლის მარტში, როდესაც Nintendo-მ 3DS-ს გამოშვების შესახებ გამოაცხადა, ზოგიერთი დამკვირვებელი აკრიტიკებდა კომპანიას ავატარული სიგიჟის ექსპლოატირების მცდელობისათვის. ჰოლივუდსა და სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიის მთელ სივრცეში მიმდინარეობდა 3D -პროდუქციის – როგორც მოდის უკანასკნელი სიტყვისა და პროგრესის არნახული მიღწევის – მასშტაბური სარეკლამო კამპანია, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მოლოდინი აღემატებოდა შედეგს.

იმ დღიდან, რაც 3DS-ით ვითამაშე ჯერ სახლში, შემდეგ – გზაშიც, ოპტიმისტურად განვეწყვე. რა თქმა უნდა, 3DS იდეალური არ გახლავთ, მაგრამ ტექნოლოგიას ნამდვილად გააჩნია პოტენციალი. ეს მოწყობილობა იძლევა გართობის ახალ შესაძლებლობებს. იგი გახლავთ 3D-თამაშების Apple II. სამგანზომილებიანი თამაში ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე სიბრტყობრივი გამოსახულება. მას შეუძლია ჩაგითრიოს და მოგაჩვენოს, რომ მოქმედების შუაგულში იმყოფები; ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა და სრულიად განსხვავდება ორგანზომილებიანი თამაშის ემოციისაგან.

ერთ თამაშში, სახელად Pilot Wings Resorts, მოთამაშეები თვითმფრინავს მართავენ და კუნძულის ირგვლივ ფრენისას სალტეებში ძვრებიან ან საჰაერო ბურთებს ხეთქენ; მე კი, უბრალოდ, ფრენით ვიღებდი სიამოვნებას (იგნორირებას ვუკეთებდი თამაშის მიზანს), ხეების გარშემო ვტრიალებდი და ხიდების ქვეშ გაძრომას ვცდილობდი. თამაშის პროცესი ბევრად მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე შესაძლო პრიზი; ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვიდეოთამაშისას მომეჩვენა, რომ წინაღობების წინაშე ტყუილუბრალოდ კი არ ვიხრებოდი მარჯვნივ ან მარცხნივ, არამედ ნამდვილად ვმოძრაობდი.

თანაც 3DS დამატებით იძლევა გართობის სრულიად ახალი ფორმების შესაძლებლობებს. თამაშში Steel Diver 3DS ფუნქციონირებს წყალქვეშა ნავის პერისკოპის როლში: შეგვიძლია ეკრანს მიღმა თვალყური ვადევნოთ წყლის ზედაპირზე მყოფ მოწინააღმდეგის გემებს. მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გიროსკოპი იჭერს მოძრაობას, რის წყალობითაც ზედაპირის გამოსახულება ჩვენი სხეულის თითოეული მოძრაობის შესაბამისად იცვლება.

ამ თამაშით გართობისას საერთოდ ვერ გავაცნობიერე, რომ სულელივით დავგორავდი სავარძლით ოფისის მთელ ტერიტორიაზე; ამ დროს მე ვიმყოფებოდი წყალქვეშ, დიდ სიღრმეზე, შეტევაზე გადასული წყალქვეშა ნავის შტურვალთან.

მოწყობილობის ყველაზე თვალში საცემი ნაკლი: 3D-ეფექტი მხოლოდ შეზღუდულ მხედველობით სივრცეში მოქმედებს. თუკი მოწყობილობას ზუსტად თვალწინ არ დავიჭერთ, გამოსახულება ბუნდოვანი იქნება.

დროთა განმავლობაში ამას ეჩვევი და დაუფიქრებლად ასწორებ დევაისს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაკლია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად შეაფერხებს 3D-თამაშების ახალი ერის განვითარებას. 3DS ამტკიცებს, რომ ამ საშუალებას გააჩნია თავისი ღირებულება, მაგრამ სანამ ვინმე არ მოიფიქრებს, როგორ გამოასწოროს მთავარი ნაკლი, 3D-თამაშები ინდუსტრიაში სტანდარტი ალბათ ვერ გახდება.

კიდევ ერთი რამ აფერხებს მის განვითარებას – ეს არის ფასი. 3DS, რომელიც აშშ-ში $249-ად იყიდება, ბევრად ძვირია, ვიდრე Sony PlayStation Portable, რომლის ყიდვაც $129-ად შეიძლება, ან Nintendo DS Lite – იმავე $129-ად. მისი ფასი ედრება ბევრად უფრო მძლავრი კონსოლური სისტემების ფასს: Nintendo Wii სულ რაღაც $200 ღირს, ხოლო Microsoft Xbox 360 და Sony PlayStation3 – $299. ასეთი ფასებით ძალიან ბევრი მომხმარებელი ვერ გადაწყვეტს 3DS-ის შეძენას – ამის მაგივრად მათ შეუძლიათ კონსოლური სისტემებიდან ერთ-ერთი იყიდონ.

მოსალოდნელია, რომ 3DS დიდ წარმატებას მოუტანს Nintendo-ს. 26 თებერვალს, როდესაც იაპონიაში მოწყობილობის გაყიდვა დაიწყეს, მომხმარებელმა მაშინვე დაიტაცა 400 000 ცალი; მომდევნო კვირების განმავლობაში კი დეფიციტი შეიქმნა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს პირველი პროდუქცია გამოუშვა, DS-ს პორტატიული თამაშების ბაზარზე ზედა პოზიციები ეჭირა და ორჯერ უფრო მეტს ყიდდა, ვიდრე PlayStation Portable. მსოფლიო სავაჭრო ქსელში დამაჯერებლად აღებულ სტარტს შეუძლია 3DS ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ვიდეოთამაშად აქციოს: ამჟამად DS-ს 4 მლნ ასლით უსწრებს Sony PlayStation2-ს, მაგრამ ის ბაზარზე ოთხი წლით ადრე შემოვიდა.

თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იაპონიის ფარგლებს გარეთ არც ერთი 3DS არ გაიყიდება, კომპანიამ უკვე ბევრს მიაღწია. მან დაამტკიცა, რომ 3D-ვიდეოთამაშები უბრალო სარეკლამო ფანდი არ არის.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *