2023 წელს ქართული აეროპორტები 6 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა - რომელი ავიაკომპანიები ლიდერობენ მგზავრთნაკადით?

2023 წელს ქართული აეროპორტები 6 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა - რომელი ავიაკომპანიები ლიდერობენ მგზავრთნაკადით?

საქართველოს ავიაციის სააგენტოს (GCAA) მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნის აეროპორტები 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 35%-ით, ხოლო 2019 წლისას – 15%-ით აღემატება და ისტორიული მაქსიმუმია.

გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3,694,052 მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 23%-ს შეადგენს. ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 100%-ით აღდგა მგზავრების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით (ზრდა 0.05%).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 1,671,198 მგზავრი იქნა გადაყვანილი. 2022 წელთან შედარებით აეროპორტი 110%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 621,514-მა, ხოლო სხვა ადგილობრივი აეროპორტებით 27,231-მა მგზავრმა ისარგებლა.

საერთო ჯამში, საქართველოს აეროპორტებში 26,290 რეისი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით 23%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 8%-ს შეადგენს.

წინა წელთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 58%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. სულ, გასულ წელს, 232,491 გადაფრენა დაფიქსირდა. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ კი 19,169 ტონა შეადგინა (ზრდა 6%).

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით და 21%-იანი წილით საქართველოს საავიაციო ბაზარზე კომპანია Wizz Air-ი ლიდერობს. გასულ წელს მან 1,270,737 მგზავრი გადაიყვანა.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. Wizz Air Hungary – 21% (1 270 737 მგზავრი);
  2. Turkish Airlines – 11% (627 078 მგზავრი);
  3. Pegasus – 7% (423 655 მგზავრი);
  4. Georgian Airways – 5% (326 873 მგზავრი);
  5. Azerbaijan Airlines – 5% (324 044 მგზავრი);
  6. Fly Dubai – 4% (218 433 მგზავრი);
  7. El Al Israel Airlines – 3% (202 469 მგზავრი);
  8. Belavia – 3% (184 117 მგზავრი);
  9. Israir – 3% (182 941 მგზავრი);
  10. Air Arabia – 3% (155 303 მგზავრი).