FDA-მა დაამტკიცა მოწყობილობა, რომელსაც AI-ის საშუალებით კანის კიბოს გამოვლენა შეუძლია

FDA-მა დაამტკიცა მოწყობილობა, რომელსაც AI-ის საშუალებით კანის კიბოს გამოვლენა შეუძლია

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა მოწყობილობა Dermasensor-ი, რომელსაც, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით, კანის სიმსივნის გამოვლენა შეეძლება.

მაიამიში დაფუძნებული კომპანიის მოწყობილობა, სინათლისა და AI-ის ალგორითმის მეშვეობით, ექიმებს კიბოს აღმოჩენაში უნდა დაეხმაროს.

როგორც წესი, კანის კიბოს დასადგენად იყენებენ დერმატოსკოპიას – პროცედურას, რომლის დროსაც ექიმი კანს სპეციალური გამადიდებელი შუშით ან ვიზუალურად აკვირდება.

FDA-ის გადაწყვეტილება ეფუძნება კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ კანის სიმსივნის დასადგენად მოწყობილობის მგრძნობელობა 96%-ია.

კანთან კონტაქტისას მოწყობილობა გამოსცემს ნათებას და უჯრედული სტრუქტურებისგან არეკლილი სინათლის ტალღის სიგრძეს ადგენს. არეკლილ ნათებას AI-ის ალგორითმი აანალიზებს სიმსივნის გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ კანის კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მსოფლიოში და მისი ყველაზე საშიში ფორმა, მელანომა, აშშ-ში წლიურად 9,000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

კომპანიის CEO-ის, კოდი საიმონსის თანახმად, ხუთი პაციენტის გამოკვლევისას Dermasensor-ის გამოყენების შემთხვევაში, მოწყობილობის თვიური ფასი $199 იქნება, ხოლო ულიმიტო გამოყენებისას – $399. Dermasensor-ი ამჟამად კომერციულად ხელმისაწვდომი ევროპასა და ავსტრალიაშია.