TikTok-იდან შესაძლოა ტოპ-არტისტების სიმღერები გაქრეს

TikTok-იდან შესაძლოა ტოპ-არტისტების სიმღერები გაქრეს

Universal Music Group-სა და TikTok-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც, პოპულარული პლატფორმიდან შესაძლოა წამყვანი მსოფლიო არტისტების სიმღერები უახლოეს პერიოდში გაქრეს. კომპანიები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, როგორიცაა არტისტთა ანაზღაურება და AI-გენერირებული კონტენტი. შედეგად, სტუდია TikTok-ს თავის მუსიკალურ კატალოგზე ლიცენზირებას შეუწყვეტს.

Universal-ის განცხადების თანახმად, TikTok-თან გაფორმებულ სალიცენზიო ხელშეკრულებას ვადა ოთხშაბათს ამოეწურა. ამის შემდგომ, პლატფორმა სტუდიის საკუთრებაში არსებულ კონტენტს ვეღარ გამოიყენებს. UMG-ის ინფორმაციითვე, ვიდეოპლატფორმასთან კონტრაქტის განახლებაზე მსჯელობისას ძირითად განსახილველ საკითხებს შორის იყო: არტისტთა კომპენსაცია, ხელოვნური ინტელექტისგან წარმოქმნილი საფრთხისგან ადამიანთა მიერ შექმნილი კონტენტის დაცვა და TikTok-ის მომხმარებლების ონლაინუსაფრთხოება.

სტუდიის მტკიცებით, არტისტებისა და სიმღერების ავტორებისთვის TikTok-ის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ განაკვეთის, რამდენსაც ჩვეულებრივ წამყვანი სოციალური პლატფორმები იხდიან. საერთო ჯამშიც, TikTok-ი UMG-ის შემოსავლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც კომპანიის განცხადებითვე მიუთითებს იმ ფაქტზე, თუ რამდენად ცოტას უხდის ვიდეოპლატფორმა თავად არტისტებს.

სხვა პრობლემებს შორის UMG-ი პლატფორმაზე არსებულ კონტენტში გამოყენებულ სიძულვილის ენასა და ბულინგის შემთხვევებსაც ასახელებს, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლასაც პლატფორმა ვერ ახერხებს.

Universal Music Group-ი მსოფლიოში უმსხვილესი ჩამწერი ლეიბლია. შესაბამისად, მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა დიდი დანაკლისი იქნება სოციალური ქსელისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც მომხმარებელთა ვიდეოების ლიცენზირებული მუსიკით უზრუნველყოფაა. UMG-ის კატალოგი ისეთ ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს როგორებიც ტეილორ სვიფტი, ჯასტინ ბიბერი, კენდრიკ ლამარი, დრეიკი, ადელი, The Weeknd-ი და სხვა მაღალი დონის ვარსკვლავები არიან.