კაკაოს ფასი ყველა დროის მაქსიმუმზეა: გაძვირდება თუ არა შოკოლადი?

კაკაოს ფასი ყველა დროის მაქსიმუმზეა: გაძვირდება თუ არა შოკოლადი?

გასულ კვირას კაკაოს ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, ტონაზე $5,909-ს მიაღწია. ამის მიზეზი დასავლეთ აფრიკაში მშრალი ამინდებია, რაც კაკაოს მოსავალზე უარყოფითად აისახება.

ახლა კაკაოს ფასი დაახლოებით 40%-ით უფრო ძვირია, ვიდრე 2024 წლის დასაწყისში იყო.

შოკოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Hershey-ის განცხადებით, კაკაოს ფასის უპრეცედენტო ზრდამ წელს შესაძლოა მოგების საგრძნობლად შემცირება განაპირობოს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თუ როგორ შეიცვლება ფასები, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, მისივე თქმით, Hershey ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ფასებსაც გამოიყენებს, რათა ბიზნესი დაასტაბილუროს. Euronews-ის დასკვნით, ეს განცხადება შესაძლოა შოკოლადის კიდევ უფრო გაძვირებაზე მიანიშნებდეს.

კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათბობასთან ერთად, კაკაოს მოსავალი საგრძნობლად მცირდება. მაგალითად, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში კოტ-დ’ივუარის კაკაოს მიწოდება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 39%-ით შემცირდა. მსგავსი ვითარებაა კაკაოს კიდევ ერთი მთავარი მიმწოდებლის, განის შემთხვევაში.

კლიმატის ცვლილება მხოლოდ კაკაოს მოსავლის შემცირებაზე არ აისახება. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ექსტრემალურად მშრალი ამინდების გამო, შაქრის მოსავალიც საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ პროდუქტზე ფასები ასევე საგრძნობლად იზრდება.