უკრაინის რეკონსტრუქციას ნახევარი ტრილიონი დოლარი დასჭირდება - ანგარიში

უკრაინის რეკონსტრუქციას ნახევარი ტრილიონი დოლარი დასჭირდება - ანგარიში

უკრაინელი ოფიციალური პირები, ქვეყნის საცხოვრებელი მარაგების, სატრანსპორტო სისტემებისა და ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასობით მილიარდი დოლარის რუსულ აქტივებს ითხოვენ. საერთო ჯამში, ახალი ანგარიშით, უკრაინის რეკონსტრუქციას $486 მილიარდი დასჭირდება.

ანგარიში უკრაინის მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ევროკომისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა. კვლევა ომის ფინანსურ მხარეს აფასებს და ომში მყოფი ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხას ერთი წლის წინ დადგენილი $411 მილიარდიდან $486 მილიარდამდე ზრდის.

ეს მოიცავს დანგრეული საცხოვრებლების დაახლოებით 10%-ის აღდგენას, რასაც $56 მილიარდი დასჭირდება, ასევე დაზიანებული სატრანსპორტო სისტემების ($34 მილიარდი), კომერციისა და მრეწველობის ($16 მილიარდი), ენერგოსექტორისა ($11 მილიარდი) და სოფლის მეურნეობის ($10 მილიარდი) აღდგენას. მხოლოდ 2024 წელს, აღნიშნულ სექტორებში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის $15 მილიარდია აუცილებელი, რისთვისაც ამ დროისთვის, უკრაინისა და მისი პარტნიორების მხრიდან, მხოლოდ $5.5 მილიარდია უზრუნველყოფილი.

უკრაინის პრემიერმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაახლოებით $320 მილიონის გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის მთავარ რესურსად აქციონ.  შმიგალის მოწოდებამდე ორი დღით ადრე კი ევროკავშირმა დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად მიღებული მოგება ცალკე უნდა აღრიცხონ.

ხუთშაბათის მოხსენების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სარაკეტო და საბრძოლო თვითმფრინავების დარტყმების შედეგად განადგურდა უკრაინის ინფრასტრუქტურა და მილიონობით ადამიანი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.