შემოსავლების მიხედვით ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის წამყვანმა საავიაციო კომპანია Air Astana Group-მა აქციების პირველადი განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ეს ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პრივატიზაციაა.
Air Astana-ს აქციები ერთდროულად სამ საფონდო ბირჟაზე (ყაზახეთის საფონდო ბირჟა, ასტანის საერთაშორისო საფონდო ბირჟა და ლონდონის საფონდო ბირჟა) განთავსდა, რის შემდეგაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 847 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
IPO-მ ადგილობრივი ყაზახი და საერთაშორისო ინვესტორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ინვესტორებს შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც 41.99 მილიონ აშშ დოლარად კომპანიის 5%-იანი წილი შეიძინა.
ამავდროულად, 55.5 მილიონ დოლარად 6.5%-იანი წილი შეიძინა ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმაც.
ადრინდელმა მფლობელებმა, Samruk-Kazyna-მ, ყაზახეთის სუვერენულმა სიმდიდრის ფონდმა და BAE Systems Limited-მა საკუთარი წილი 41%-მდე შეამცირეს.
„პრივატიზაციის ეს შემთხვევა არსებითია ყაზახეთის ეკონომიკისთვის, რომლის უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. სახელმწიფოს წილის 50%-ს ქვემოთ დაწევა ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტია“, – წერს EBRD-ი.
Air Astana-ს თანახმად, მოზიდული თანხები თვითმფრინავთა რაოდენობის გაზრდას, მათ განახლებასა და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება.
ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ.
კერძოდან საჯარო კომპანიად გარდაქმნის პროცესი უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებაში და პირვანდელი ინვესტორების (რომლებსაც წილი IPO-მდე ჰქონდათ) აქტივების ზრდაში. აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება და თუ IPO წარმატებით განხორციელდა, კომპანიის კაპიტალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომპანიას საბაზრო ფასი ედება, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ.