2023 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა

2023 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით (16.2 პროცენტი), ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით (14 პროცენტი).

წყარო: საქსტატი

გასული წლის ბოლო კვარტალში დაქირავებულთა რიცხოვნობა 74.3 ათასი კაცით (8.4%) გაიზარდა და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0.9 ათასით (0.4%) შემცირდა და 248.6 ათასი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46 პროცენტი შეადგინა.

დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8 პროცენტს მიაღწია.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტსა და 16.8 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, ის ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, 54.8 პროცენტამდე.