კიმ ჩენ ინმა პუტინისგან საჩუქრად ავტომობილი მიიღო - KCNA

კიმ ჩენ ინმა პუტინისგან საჩუქრად ავტომობილი მიიღო - KCNA

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან „პირადი გამოყენებისათვის“ საჩუქრად ავტომობილი მიიღო. ეს კი შესაძლოა გაეროს მიერ ფხენიანისათვის დაწესებული აკრძალვის დარღვევა იყო, რომელზეც მოსკოვს ხელი აქვს მოწერილი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა თითქმის ყველაზე სფეროში დაახლოვდნენ. გასული წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინსაც შეხვდა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ისინი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მედიასააგენტო KCNA-ს განცხადებით, რუსული წარმოების ავტომობილი კიმ ჩენ ინის გარემოცვას 18 თებერვალს გადასცეს. აღნიშნული ჟესტისათვის პუტინს მადლობას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და უხდის და აღნიშნავს, რომ საჩუქარი ნათელი დემონსტრაციაა ლიდერებს შორის განსაკუთრებული პირადი ურთიერთობებისა.

გავრცელებულ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და რუსეთს გაეროს რეზოლუციების შესრულებისაკენ მოუწოდა. უწყების განმარტებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, საერთაშორისო კატეგორიებით HS 86-89 კოდების მქონე ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების ჩრდილოეთ კორეისათვის მიწოდება აკრძალულია.

Aurus. ფოტო: newsinfo.ru

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საჩუქრად რუსული წარმოების Aurus-ი გადაეცა. აღნიშნული ავტომობილი ძვირად ღირებული სედანია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საპრეზიდენტო მანქანაც გახლავთ. ავტომობილის ღირებულება სხვადასხვა მოდიფიკაციის მიხედვით დაახლოებით $300,000-ის ფარგლებში მერყეობს.

სხვადასხვა მედიასააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი ავტომოყვარულია და საკუთარ კოლექციაში უამრავ უცხოური ბრენდის მდიდრულ ავტომობილს ფლობს.