Neuralink-ის პირველ პაციენტს კომპიუტერის მაუსის ფიქრით კონტროლი შეუძლია - მასკი

Neuralink-ის პირველ პაციენტს კომპიუტერის მაუსის ფიქრით კონტროლი შეუძლია - მასკი

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-ის პირველ ადამიან პაციენტს, რომელსაც ტვინში მცირე ზომის ჩიპი ჩაუდგეს, საკუთარი ფიქრებით კომპიუტერის მაუსის კონტროლი შეუძლია. „კარგი პროგრესი გვაქვს, პაციენტი კი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას ფიქრით ეკრანზე კომპიუტერის მაუსის გადაადგილება შეუძლია“ – აცხადებს Neuralink-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი.

მასკის განმარტებით, ამჟამად Neuralink-ი ცდილობს, რომ პაციენტმა კომპიუტერული მაუსის ღილაკზე რაც შეიძლება მეტჯერ „დააკლიკოს“. თავად Neuralink-ი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ Neuralink-მა ჩიპის იმპლანტაციის ნებართვა აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოსაგან გასული წლის სექტემბერში მიიღო. რამდენიმე კვირის წინ კი კომპანიამ მიკროჩიპის ადამიანში იმპლანტაციის პირველი წარმატებული მცდელობა განახორციელა.

Neuralink-ი მიკროქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად რობოტს იყენებს. ეს უკანასკნელი ჩიპს ტვინის იმ უბანში ათავსებს, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. სტარტაპის პირველადი მიზანია, ადამიანებს კომპიუტერის მაუსისა და კლავიატურის ფიქრებით მართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

ილონ მასკს კი სტარტაპთან დაკავშირებით უფრო ამბიციური გეგმა აქვს. მას სურს, რომ მსგავსი მიკროჩიპების იმპლანტაციის დახმარებით ისეთი დაავადებების განკურნება გახდეს შესაძლებელი, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, აუტიზმი, დეპრესია და შიზოფრენია.

Neuralink-ის ღირებულება ამჟამად $5 მილიარდადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია უსაფრთხოების პროტოკოლებთან დაკავშირებით დიდ კრიტიკას იმსახურებს. გასულ თვეს აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა Neuralink-ი საშიში მასალების გადაადგილების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა.