აშშ 500-ზე მეტ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს

აშშ 500-ზე მეტ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის, ვოლი ადაეიმოს განცხადებით, შეერთებული შტატები 500-ზე მეტ ახალ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.

ვოლი ადაეიმოს განმარტებით, პარტნიორებთან თანამშრომლობით დაწესებული სანქციებს ეფექტი რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და იმ კომპანიებზე ექნება, რომლებიც სხვა ქვეყნებში ოპერირებენ და რუსეთს სასურველი საქონლის მოპოვებაში ეხმარებიან.

აღნიშნული სანქციათა პაკეტი აშშ-ის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები უკრაინასთან ომის საწარმოებლად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ აშშ-მა რუსეთს ათასობით სანქცია დაუწესა.

სანქციების დაწესების პარალელურად, უკრაინისათვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხი აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში ჭიანურდება. პაკეტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოებში რამდენჯერმე დაიბლოკა. შესაბამისად, აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გადაცემული დახმარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა. პოლიტიკის ექსპერტების განცხადებებით, რუსული „სამხედრო მანქანის“ შესაჩერებლად მხოლოდ სანქციების დაწესება საკმარისი არ არის.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა დააზარალა და ის 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი, 2023 წელს რუსეთის მშპ 3%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი ფონდი 2.6%-იან ზრდას ვარაუდობს.