ალენ დელონის სახლიდან პოლიციამ 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ალენ დელონის სახლიდან პოლიციამ 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

მონტარგისის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

იარაღთან ერთად პარიზის სამხრეთით, ლუარეში მდებარე საცხოვრებელ სახლში 3000-ზე მეტ ტყვიას მიაგნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე მიზანში სასროლად მოწყობილი ადგილიც აღმოაჩინეს.

პროკურორების განცხადებით, ალენ დელონს ამ იარაღების ფლობის უფლება არ აქვს.

ფრანგული კინოს ოქროს ეპოქის ვარსკვლავის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მას შემდეგ დაინიშნა, რაც სასამართლოს მიერ დელონის სახლში გაგზავნილმა ჩინოვნიკმა იქ იარაღი შენიშნა.

მონტარგისის პროკურატურამ წინასწარი გამოძიების დაწყება გამოაცხადა „იარაღის უკანონო შენახვასა“ და „A, B და C კატეგორიის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე“.

შეგახსენებთ, ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. მსახიობმა 2019 წელს ინსულტი გადაიტანა. სხვადასხვა მედიის ცნობით, დელონს ჯანმრთელობის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა რა დაავადებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება.