სასამართლო ჩანაწერების თანახმად, აშშ-ის ყოფილი ელჩი ბოლივიაში, ვიქტორ როხა, კუბისთვის ათწლეულობით ჯაშუშობის ბრალს აღიარებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნულ შემთხვევას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამაზიანებელ უსაფრთხოების დარღვევად აკვალიფიცირებს.
ვიქტორ როხა ბოლივიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2000-2002 წლებში იკავებდა. მას ბრალი გასული წლის დეკემბერში, რამდენიმე ფედერალური დანაშაულის, მათ შორის უცხო ქვეყნის ჯაშუშად მსახურებისათვის და პასპორტის გაყალბებისათვის წარუდგინეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ვიქტორ როხა კუბას ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ეხმარებოდა და კონფიდენციალურ, სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ როხამ ჯაშუშური საქმიანობა 1981 წლიდან დაიწყო.
თავდაპირველად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ის ჩვენების შეცვლას და ბრალის აღიარებას აპირებს. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 12 აპრილს გამოაცხადებს.
ვიქტორ როხა სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. 1994-1995 წლებში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა, 2006-2012 წლებში კი აშშ-ის სამხრეთი სარდლობის მეთაურის მრჩეველი გახლდათ.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ვიქტორ როხამ კუბისთვის ჯაშუშური ინფორმაცია 2022-2023 წლებში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტს მიაწოდა, რომელიც კუბის სადაზვერვო გენერალური დირექტორატის წარმომადგენლის სახელით მოქმედებდა.
დატოვე კომენტარი