ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევის ფარგლებში, რომელიც სრულ განაკვეთზე მომუშავე პირების გამოკითხვით ჩატარდა, უნივერსიტეტის დასრულებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალშემოსავლიანი 15 სპეციალობიდან ცხრა ინჟინერიის მიმართულებაში ერთანდება.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობა კომპიუტერული ინჟინერიაა – წლიურად საშუალოდ $80 ათასის შემოსავლით. კომპიუტერული ინჟინერიის გარდა, საშუალო წლიური ანაზღაურებით, $75-ათასიან ნიშნულს დამატებით მხოლოდ ორი პროფესიის წარმომადგენლები გამოიმუშავებენ, ესენია ქიმიური ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება. მსგავსი ტენდენცია, დიდი ალბათობით, სამომავლოდაც გაგრძელდება. ანგარიშის თანახმად, STEM-ის პროფესიები – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა – 2031 წლამდე, სხვა სპეციალობებთან შედარებით ორჯერ სწრაფად გაიზრდება.
ტექნოლოგიური და მათემატიკური ცოდნა, პრობლემების გადაჭრის უნართან ერთად, მრავალი ინდუსტრიისთვის ღირებული შენაძენია. როგორც წესი, მსგავსი ტიპის პროფესიებიც, სხვა სპეციალობებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა. ინჟინრების ანაზღაურება გამოცდილების მიღებასთან ერთადაც იზრდება. ინჟინერიის ხარისხის კურსდამთავრებულები, 35-დან 45 წლამდე ასაკში, სრულ განაკვეთზე მუშაობით, როგორც წესი, წლიურად ექვსციფრიან თანხასაც გამოიმუშავებენ.
მიუხედავად ამისა, საშუალო ასაკისთვის ყველაზე მეტს – საშუალოდ წლიურად $133 ათასს – ქიმიური ინჟინერის მიმართულებით დასაქმებულები გამოიმუშავებენ. ამ პროფესიის წარმომადგენლების მაღალი ანაზღაურება დიდწილად ისეთ მოგებიან სექტორებში მუშაობას უკავშირდება, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, ფარმაცევტული საშუალებებისა და ნახევარგამტარების წარმოება.
ამ ყველაფრის საპირისპიროდ კი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ლიბერალური ხელოვნებისა და განათლების მიმართულებით დასაქმებულებს აქვთ. ადრეული ასაკის განათლების სფეროში, საშუალო ასაკის პროფესიონალები, წლიურად საშუალოდ მხოლოდ $48 ათასს გამოიმუშავებენ. მხოლოდ $8 ათასით მეტს, ვიდრე კარიერის დასაწყისში.
ცნობისთვის, კვლევამ 25-დან 65 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა მოიცვა, რომლებიც სულ მცირე ბაკალავრის ხარისხს ფლობენ.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპეციალობები, სწავლის დასრულებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში:
- კომპიუტერული ინჟინერია – $80,000
- ქიმიური ინჟინერია – $79,000
- კომპიუტერული მეცნიერება – $78,000
- კოსმოსური ინჟინერია – $74,000
- ელექტროინჟინერია – $72,000
- ინდუსტრიული ინჟინერია – $71,000
- მექანიკური ინჟინერია – $70,000
- ზოგადი ინჟინერია – $68,000
- მრავალმხრივი ინჟინერია – $68,000
- ფინანსები – $66,000
- სამოქალაქო ინჟინერია – $65,000
- ეკონომიკა – $65,000
- ბიზნესანალიტიკა – $65,000
- მათემატიკა – $65,000
- სამშენებლო მომსახურება – $64,000
- ფარმაცია – $64,000