ევროპის რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ბირთვულ ენერგიას?

ევროპის რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ბირთვულ ენერგიას?

მაშინ როდესაც გერმანია ატომური ელექტროსადგურების დახურვას განაგრძობს, ევროპაში ბირთვული ენერგიის წარმოებით ლიდერის სტატუსს საფრანგეთი ინარჩუნებს. მიმდინარე თვის ბოლოს, დიდი ალბათობით, საფრანგეთი თავის მესამე თაობის ბირთვულ რეაქტორ EPR-ს საწვავით მოამარაგებს, წლის ბოლომდე კი ქსელშიც ჩართავს. მიუხედავად ამისა, ევროპის ატომური ენერგიის წამყვანი მწარმოებელი გრაფიკს 12 წლით ჩამორჩება, რაც ბევრისთვის წელს EPR-ის ამოქმედების საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებს.

ბირთვული ენერგიის წარმოებასა და გამოყენებაზე ევროპის ქვეყნებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. პოზიცია არაერთხელ შეცვალა თავად საფრანგეთმაც, თუმცა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებიც ბუნდოვანი რჩება.

იმპორტ/ექსპორტის ბალანსის შესახებ არსებული უახლესი მონაცემებით, 2022 წელს ელექტროენერგიის უმსხვილესი ექსპორტიორები შვედეთი და გერმანია იყვნენ – შესაბამისად, 33.3 ტვტ/სთ და 26.5 ტვტ/სთ ელექტროენერგიით. რეიტინგის ბოლოში წარმოდგენილნი იყვნენ საფრანგეთი და იტალია, რომელთა ელექტროენერგიის წარმოება იმ პერიოდში საგრძნობლად შემცირებული იყო. შედეგად, 2022 წელს საფრანგეთმა 16.4 ტვტ/სთ ელექტროენერგიის, ხოლო იტალიამ 43.4 ტვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.

ელექტროენერგიის ბაზრის ეს მოცემულობა მკვეთრად შეიცვალა 2023 წელს. როდესაც საფრანგეთი ევროპაში ელექტროენერგიის პირველი ექსპორტიორი გახდა, ხოლო გერმანია კვლავ იმპორტიორ ქვეყნად იქცა. ამის მიზეზი სწორედ ბირთვული ენერგიაა, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული მიქსის 21.8 %-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, 2022 წელს, ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო აწარმოებდა ბირთვულ ენერგიას. ბირთვული ენერგიის ოთხმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კი მთლიანად ევროკავშირში წარმოებული ბირთვული ენერგიის 73.7% შეადგინა.

მიუხედავად ამისა, ბირთვული ენერგიის წარმოება კვლავ ყველაზე დაბალი იყო 1990 წლის შემდეგ, რაც დიდწილად სწორედ გერმანიის მიერ ელექტროსადგურების გათიშვამ გამოიწვია. სარემონტო სამუშაოების გამო დროებით იყო გათიშული საფრანგეთის რამდენიმე რეაქტორიც.

პარალელურად კი სახელმწიფოები, რომლებიც აქამდე ბირთვული ენერგიის მსხვილ მწარმოებელთა შორის არ ირიცხებოდნენ, ბოლო პერიოდში გამომუშავებას ზრდიან. 2022 წელს ნიდერლანდების წარმოება 19.8%-ით გაიზარდა, ჩეხეთის – 19.1%, უნგრეთის – 17.5%, ფინეთის – 10.6%.

სხვა სახელმწიფოების მხრიდან წარმოების გაზრდის მიუხედავად, გერმანია ბირთვული ენერგიის წარმოების ეტაპობრივად შეწყვეტის გეგმას მიჰყვება. 2023 წლის 15 აპრილს ქვეყანამ ბოლო სამი, მოქმედი რეაქტორიც დახურა. საფრანგეთი კი წარმოებას ზრდის. იანვარში სენატმა შეაჩერა გეგმა, რომლის ფარგლებშიც 2030 წლისთვის საფრანგეთის ენერგეტიკულ მიქსში ბირთვული ენერგიის წილი 50%-მდე უნდა შემცირებულიყო. ამის ნაცვლად, შენარჩუნდება არსებული მაჩვენებელი, რომელიც საშუალოდ 60%-დან 70%-მდეა. ამჟამად პრეზიდენტი მაკრონი ბირთვულ ენერგიას საფრანგეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიადაც განიხილავს.

ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი ესპანეთია. თუმცა მასაც გერმანიის მსგავსი გეგმები აქვს. შვიდი ბირთვული რეაქტორიდან პირველს ქვეყანა 2027 წელს გათიშავს, 2035 წლისთვის კი ბირთვული ფლოტის სრულად დახურვასაც განიხილავს. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყანაში ამჟამად ექვსი რეაქტორი ფუნქციონირებს და 2035 წლამდე დამატებით ორის აშენებაც იგეგმება. ორი ახალი რეაქტორის მშენებლობა დააანონსა ნიდერლანდებმაც. ორივე ქვეყანამ გააუქმა გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიის წარმოების ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ.

უნგრეთის მთავრობის ენთუზიაზმი კი ბირთვული ენერგიის მიმართ უკვე წლებია, სტაბილური რჩება. ბოლო პერიოდში უნგრეთის პარლამენტმა ორი ახალი რეაქტორის მშენებლობაც დაამტკიცა, ამჟამად კი ქვეყანაში ჯამში ოთხი მოქმედი რეაქტორია. თუმცა უნგრეთმა ევროკავშირის კრიტიკა რუსულ „Росатом“-თან შეთანხმების გამო დაიმსახურა. რუსული კომპანია სწორედ ორ ახალ რეაქტორს მოამარაგებს.

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ბირთვულ ენერგიას აწარმოებენ (2022 წლის მონაცემები):

  1. საფრანგეთი – 294,731 გიგავატსაათი
  2. ესპანეთი – 58,590 გიგავატსაათი
  3. შვედეთი -51,944 გიგავატსაათი
  4. ბელგია – 43,879 გიგავატსაათი
  5. გერმანია – 34,709 გიგავატსაათი
  6. ჩეხეთი – 31,022 გიგავატსაათი
  7. ფინეთი – 25,336 გიგავატსაათი
  8. ბულგარეთი – 16,462 გიგავატსაათი
  9. სლოვაკეთი – 15,920 გიგავატსაათი
  10. უნგრეთი – 15,812 გიგავატსაათი
  11. რუმინეთი – 11,089 გიგავატსაათი
  12. სლოვენია – 5,606 გიგავატსაათი
  13. ნიდერლანდები – 4,156 გიგავატსაათი