$100-მილიარდიანთა კლუბი | 14 ადამიანი 12-ნიშნა ქონებით

$100-მილიარდიანთა კლუბი | 14 ადამიანი 12-ნიშნა ქონებით

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ჩვენს პლანეტას რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერი ჰყავს, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 141-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მონაცემი ასევე 26-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა.

გარდა ამისა, მილიარდერები წელს უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი ერთობლივი ქონება, როგორც აღვნიშნეთ, $14.2 ტრილიონს აღწევს, რაც $2 ტრილიონით მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდს $1.1 ტრილიონით აჭარბებს.

რეკორდულ ნიშნულს აღწევს ასევე $100-მილიარდიანთა კლუბის წევრების რაოდენობა, რომელიც წელს, წინა წელთან შედარებით, ერთით არის გაზრდილი და 14-ს შეადგენს. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების ქონება საერთო ჯამში 2 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2781 მილიარდერიდან მათი მთელი სიმდიდრის 14% მხოლოდ 0,5% ფლობს.

1987 წელს, როდესაც Forbes-მა გლობალური სიმდიდრის თავისი პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, მხოლოდ ორი ადამიანი (ორივე იაპონელი მაგნატი) ფლობდა 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ ქონებას (დაახლოებით 27 მილიარდი აშშ დოლარი ვალუტის დღევანდელი მდგომარეობით).

$100-მილიარდიანთა კლუბის პირველი წევრი ბილ გეიტსი გახდა, რომლის Microsoft-ის აქციების საერთო ღირებულებამ 1999 წელს 11-ნიშნიანი მაჩვენებელი გადალახა. თუმცა კრახის შემდეგ მისი ქონების ღირებულება თითქმის განახევრდა. მეორე ადამიანი, რომელმაც ქონებით $100-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მან ეს ბილ გეიტსზე თითქმის ორი ათწლეულით გვიან, 2017 წლის ბოლოს შეძლო.

არ არის გამორიცხული, რომ $100-მილიარდიანთა კლუბის წევრების რაოდენობა სულ მალე კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ ჯგუფში შესვლის ყველაზე დიდი შანსი კი მსოფლიოს უმდიდრეს ქალს, ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსს აქვს, რომელიც L’Oréal-ის მემკვიდრეა. მისი ქონება 99.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომელთა ქონება $100 მილიარდს აჭარბებს (2024 წლის 8 მარტის მონაცემები):

  1. ბერნარ არნო – $233 მილიარდი | LVMH
  2. ილონ მასკი – $195 მილიარდი | Tesla
  3. ჯეფ ბეზოსი – $194 მილიარდი | Amazon
  4. მარკ ცუკერბერგი – $177 მილიარდი | Meta
  5. ლარი ელისონი – $141 მილიარდი | Oracle
  6. უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი | Berkshire Hathaway
  7. ბილ გეიტსი – $128 მილიარდი | Microsoft
  8. სტივ ბალმერი – $121 მილიარდი | Microsoft
  9. მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი | Reliance Industries
  10. ლარი პეიჯი – $114 მილიარდი | Google
  11. სერგეი ბრინი – $110 მილიარდი | Google
  12. მაილ ბლუმბერგი – $106 მილიარდი | Bloomberg LP
  13. ამანსიო ორტეგა – $103 მილიარდი | Zara
  14. კარლოს სლიმი – $102 მილიარდი | Grupo Carso