მასკის თქმით, Tesla რობოტაქსის 8 აგვისტოს წარადგენს

მასკის თქმით, Tesla რობოტაქსის 8 აგვისტოს წარადგენს

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ კომპანია თავის რობოტაქსის მიმდინარე წლის 8 აგვისტოს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ მასკი რობოტაქსის პროექტზე გასული რამდენიმე წელია საუბრობს და ის შესაძლოა ავტომწარმოებლისთვის მთავარ ახალ ბიზნესად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინვესტორები ბოლო პერიოდში კომპანიის მიმართ სიფრთხილეს იჩენენ. ამის ძირითადი მიზეზი კი Tesla-ს ზრდის შენელებაა.

პარასკევს, მილიარდერის განცხადების შემდეგ, ბაზრის დახურვიდან დაახლოებით ორ საათში, Tesla-ს აქციების ფასი 4.8%-ზე მეტით გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მასკმა სიცრუე უწოდა მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, Tesla-მ ბიუჯეტური მოდელების წარმოების გეგმები გააუქმა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ ელექტრომობილების ფასი 25,000 აშშ დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ცნობისთვის, ამჟამად Tesla-ს ყველაზე იაფი მოდელი, Model 3 სედანია, რომელიც აშშ-ში დაახლოებით $39,000-ად იყიდება.