მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ორ რუს მილიარდერს, მიხაილ ფრიდმანსა და პიოტრ ავენს, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები მოუხსნა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოყვანილი მიზეზები აღნიშნული პიროვნებების სანქცირებისთვის საკმარისად დასაბუთებული არ არის.
ფრიდმანის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებით, ის და მისი ბიზნესპარტნიორი ავენი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. სანქცირებულთა სიაში შეყვანის შემდეგ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით რუს მილიარდერებს ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ფინანსები და ეკონომიკური რესურსები გაეყინათ.
მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი რუსული კონგლომერატის Alfa Group-ის მთავარი აქციონერები არიან. თავის მხრივ, Alfa Group-ის მფლობელობაში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკი Alfa Bank-ი და საცალო ვაჭრობის კომპანია X5 Retail Group-ი შედის.
სასამართლომ დაადგინა, რომ მილიარდერები 2022 წლის თებერვლის და 2023 წლის მარტის სანქცირებულთა სიებში არ უნდა მოხვედრილიყვნენ. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მიუხედავად ფრიდმანისა და ავენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კავშირების შესახებ საფუძვლიანი ვარაუდებისა, არ დასტურდება, რომ მილიარდერები უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებს ან რუსეთის პოლიტიკას მხარს უჭერდნენ ან ფინანსურ დახმარებას სწევდნენ.