ჩიპების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა AMD-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე ბიზნესის ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერებისათვის ნახევარგამტარების ახალი სერია წარადგინა. კომპანიის გეგმა პერსონალური კომპიუტერების ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ბაზარზე საკუთარი უპირატესობის მოპოვებაა.
AMD-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჩიპების წარმოება 2024 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყება და ის HP-ისა და Lenovo-ს პლატფორმებისთვის იქნება განკუთვნილი. საუბარია ნახევარგამტარებზე, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერებს შესაძლებლობას მისცემს, რომ დიდი მოცულობის აპლიკაციები და პროგრამები ქლაუდ-სერვისის ნაცვლად პირდაპირ კომპიუტერებში გახსნან.
მაგალითისთვის, AMD-ის წარმოებული Ryzen PRO 8040 ჩიპი ბიზნესლეპტოპებისა და ე.წ. სამუშაო სადგურებისათვის (Workstation) იყო განკუთვნილი, Ryzen PRO 8000 კი დესკტოპის პროცესორებისთვის შემუშავებული ვერსიაა.
პერსონალური კომპიუტერების ხელოვნური ინტელექტის ნახევარგამტარების ბაზარზე AMD კონკურენციას ისეთ კომპანიებს უწევს, როგორიცაა: Intel-ი და Nvidia, რომელიც GPU პროცესორების ჩიპების ლიდერად მიიჩნევა. ამ უკანასკნელმა იანვარში ახალი ნახევარგამტარი GeForce RTX SUPER-ი წარადგინა, რომლის ტექნოლოგიასაც Acer-ი, ASUS-ი, Dell Technologies-ი, HP-ი, Lenovo და Samsung-ი გამოიყენებენ. თავის მხრივ, Intel-მა აღნიშნა, რომ 2024 წელს აღნიშნული კატეგორიის 40 მილიონი ჩიპის მიწოდებას გეგმავს.