რუსეთი აზიის გავლით სავაჭრო მარშრუტების განვითარებაზე მუშაობს

რუსეთი აზიის გავლით სავაჭრო მარშრუტების განვითარებაზე მუშაობს

რუსეთი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორი ახალი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას აგრძელებს. ქვეყნის მიზანი უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაა. რუსეთისთვის პრობლემას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც წარმოადგენს, რაც გლობალურ ვაჭრობაში შეფერხებებს იწვევს.

ირანის სარკინიგზო ქსელი და ჩრდილოეთის ზღვის დერეფანი რუსეთს ჩინეთსა და ინდოეთში გაძლიერების საშუალებას მისცემს. ახალი გზების მეშვეობით, რუსეთი საერთაშორისო ვაჭრობის დიდი ნაწილის ცენტრში მოექცევა და ამას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური იზოლირების მცდელობის მიუხედავადაც მოახერხებს.

სუეცის არხთან შედარებით, ახალი მარშრუტებით ტრანზიტის დრო შესაძლოა 30%-50%-ით შემცირდეს. ასევე, ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთი ტიპის საფრთხეებს, როგორიც, მაგალითად, წითელ ზღვაში, ჰუსიტი მეამბოხეების საერთაშორისო გემებზე თავდასხმებია. რეგიონში ვითარება ბოლო დღეებშიც დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანა, ისრაელი კი საპასუხო ქმედებებით  იმუქრება.

რუსეთის ახალი სავაჭრო მარშრუტებით დაინტერესება გამოთქვეს აზიისა და სპარსეთის ყურის წამყვანმა ეკონომიკებმა. რუსეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის განახლებისთვის $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, დრონების ბაზების ქსელით ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე პატრულირებაც დაწესდება.

გასული წლის მაისში, სარკინიგზო ხაზის ასაშენებლად, რუსეთმა ირანისთვის $1.4 მილიარდის სესხიც გამოყო. სარკინიგზო ხაზი 162 კილომეტრის სიგრძისაა და ქალაქ რაშტისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ქალაქ ასტარას ერთმანეთთან აკავშირებს. დასრულების შემდეგ, რკინიგზის საშუალებით სანქტ-პეტერბურგიდან სპარსეთის ყურის მთავარ საექსპორტო პორტში ტვირთების გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის საშუალებით, რომელიც მოიცავს უფრო გრძელ სარკინიგზო კავშირს ცენტრალური აზიისა და ტრანსკასპიის ზღვის გავლით, სატრანსპორტო ტევადობა 2030 წლისთვის შესაძლოა 85%-ით, წლიურ 35 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. მარშრუტი რუსეთს ირანსა და ინდოეთთან დააკავშირებს, პოტენციურად კი  რუსეთს წვდომა ექნება სამხრეთ აზიის სხვა ნაწილთანაც, სპარსეთის ყურესთან და აფრიკასთან. გასულ აგვისტოს რუსეთმა საუდის არაბეთში პირველი პირდაპირი სატვირთო მატარებელი გაგზავნა.

2023 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობამ რეკორდულ $240 მილიარდს მიაღწია. ინდოეთთან კი თითქმის $64 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთთან ვაჭრობის ზრდა კრემლს ინვესტიციების გაძლიერებისკენ უბიძგებს. ათწლეულის ბოლომდე იგეგმება ტრანსციმბირულ და ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ტევადობის ზრდა. იმავდროულად კი ინდოეთი ინვესტიციას ახორციელებს ჩაბაჰარში, ერთადერთ ირანულ პორტში, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ინდოეთის ოკეანეზე.