ისრაელმა ირანის ცენტრალურ ნაწილში ავიაბაზაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის ცენტრალურ ნაწილში ავიაბაზაზე იერიში მიიტანა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა ირანის თავდასხმის საპასუხოდ, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ავიაბაზაზე იერიში მიიტანა. ანონიმური ირანელი და ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ ABC-ისთვის მიწოდებული ცნობებით, ისრაელმა სარაკეტო თავდასხმა ირანში, ქალაქ ისპაჰანში მდებარე ავიაბაზაზე განახორციელა.

ინფორმაცია აფეთქებების შესახებ გაავრცელა ირანის სახელმწიფო მედიასააგენტო Fars-მა. მათი განცხადებით, ისპაჰანის აეროპორტთან აფეთქებების ხმა გაისმა. თუმცა მოგვიანებით ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ აფეთქებების ხმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის უცნობი ობიექტის მიმართ გასროლილი რაკეტებით იყო გამოწვეული.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მომხდარი უარყო და მას ისრაელური და ამერიკული პროპაგანდა უწოდა. ტელევიზიამ უარყო ისიც, რომ მომხდარის გამო ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო შეიკრიბა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ირანზე თავდასხმის ცნობების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა აშშ-ს ირანზე საპასუხო იერიშის დეტალური გეგმა გააცნო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ აშშ-მ ისრაელი საპასუხო ზომების მიღებისგან თავის შეკავებაშიც დაარწმუნა. ჯერჯერობით თავდასხმას არ ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალებიც.

ისრაელის თავდასხმაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ირანის მიმართულებით ფრენები რამდენიმე ავიაკომპანიამ გადადო. საამიროების ბიუჯეტური ავიაკომპანია Fly Dubai იმასაც ადასტურებს, რომ ირანის მთავრობის წარმომადგენლებისაგან ქვეყნის მიმართულებით ფრენების შეჩერების შესახებ შეტყობინებაც მიიღეს.

ჯერჯერობით ინფორმაცია თავდასხმის შედეგების შესახებ არ ვრცელდება.