განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა

განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა

რა არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათლე­ბის სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობლემა, რისი გააზრების გარეშეც მისი განვითარება გაგვიჭირდება? ზოგი იტყვის, რომ პრობლემა მასწავლებლებისა და პროფესორების მოტივაცია და კომპეტენციებია. სხვისთვის მმართველების არასწორი დამოკიდებულება და მცდარი გადაწყვეტილებებია გადამწყვეტი. ეკონომიკური პერსპექტივიდან, საკვანძო პრობლემა ფინანსური რესურსების ნაკლებობაა. ზოგიერთისთვის სასწავლო რესურსების ხარისხია მნიშვნელოვანი. ყველა ეს და სხვა მსგავსი წუხილი ლეგიტიმურია, მაგრამ ამ სფეროში რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ფიქრის დასაწყებად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ განათლების სისტემა სასურველზე ნელა ვითარდება.

ას წელზე მეტი დრო გავიდა, რაც გოგებაშვილი წერდა: „ჩვენში ახალი ნაბიჯი საზოგადო ასპარეზზედ ძალიან იშვიათი მოვლენაა. ჯეელი ამერიკა ყოველს სფერაში თვითეულ დღეს ახალს ნაბიჯს ადგამს წინა და მოძრაობს ორთქლ-მავალას სისწრაფით. ხნიერი ევროპა ყოველს წელს ცვლილობს ადგილსა წარმატების მოედანზე და წინ მიისწრაფის იორღა ცხენის სიჩქარით მაინც. ჩვენი ცხოვრება კი ვერასოდეს ვერ მოგაგონებთ ვერც ორთქლ-მავალას, ვერც ბედაური ცხენის სისწრაფესა, კუს ნაბიჯით მოძრაობა – აი ალაბი, რომლითაც უნდა იზომებოდეს ჩვენის წარმატების სისწრაფე“.

დღესაც ზანტი ნაბიჯებით ვცდილობთ დავეწიოთ განათლების სისტემის გარეთ არსებულ ტექნოლოგიურ განვითარებას. ზოგ სკოლაში უკვე მეორე ათწლეულია, რაც უკაბელო ინტერნეტია, ზოგში კი ეს მარტივად დასანერგი მიღწევა ჯერაც ხელმიუწვდომელია. ათ წელზე მეტს ვუნდებით ხოლმე იმის გააზრებას, რომ რომელიღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მუშაობს სკოლების ნაწილში. ნელია მასწავლებლების კორპუსის ცვლა, მასწავლებლების საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამების გაუმჯობესება. ძალიან ნელა იცვლება სასწავლო მასალების ფორმა და ხარისხი. საჯარო განათლების სისტემაში იშვიათია ინოვაციური მართვის ან სწავლა-სწავლების მიდგომები.

სისტემის განვითარების შეფერხების მრავალი წყარო არსებობს. თუმცა აქ გადამწყვეტი – სახელმწიფო პოლიტიკის არასწორი პრინციპებია. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, რაც ყალბ დილემებს, განვითარების მამოძრავებელი ძალების გაუაზრებლობას, პოლიტიკის რაციონალურობის ნაკლებობასა და განათლებისა და საზოგადოების მიზნების სუსტ კავშირს უკავშირდება.

ყალ­ბი დი­ლე­მე­ბის პრობ­ლე­მა

გადაწყვეტილებების მიმღებები, პოლიტიკის განმახორციელებლები და ზოგჯერ განათლების ექსპერტებიც განათლების პოლიტიკის შესახებ მსჯელობას ყალბ დილემებს აფუძნებენ. ერთი ასეთი ყალბი დილემაა, რომ გარკვეული მექანიზმების შემოღება განათლებაში ზოგადად კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ცვლილებების შემოტანა მიზანშეწონილი არ არის სასწავლო დაწესებულებების დაბალი მზადყოფნის გამო. ამ ლოგიკით, სისტემაში ინოვაციების დანერგვა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც პრაქტიკულად ყველა მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი ამისთვის მზად იქნება.

შედეგად ვიღებთ ერთ თარგზე მორგებულ გადაწყვეტილებებს განსხვავებული საჭიროებებისა და გამოცდილების მქონე სკოლებისა თუ უნივერსიტეტებისთვის. დამწყებ და გამოცდილ მასწავლებელს თანაბრად ევალება პროფესიული განვითარების ეტაპების გავლა. პატარა და დიდ სკოლაში ერთნაირი საათობრივი განაწილებაა საგნებს შორის, ერთნაირად სწავლების მიდგომები ევალებათ, ერთნაირი მართვის სისტემა აქვთ, ერთნაირი სასწავლო რესურსები უნდა გამოიყენონ და ერთნაირად უნდა შეაფასონ მოსწავლეები.

ეს დილემა ყალბია, რადგან არ არის აუცილებელი, რომ ყველა დაწესებულება ერთნაირად იყოს მზად სისტემური ცვლილებისთვის. მაგალითად, არ არის აუცილებელი, რომ ყველა მასწავლებელმა ან სკოლის დირექტორმა იცოდეს, ან თუნდაც უმეტესობამ იცოდეს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოს ხოლმე გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესის სკოლის დონეზე ორგანიზების ფორმების შესახებ, რათა ამის თავისუფლება ჰქონდეთ. ყოველთვის შესაძლებელია, რომ განათლების პოლიტიკამ გაითვალისწინოს ორგანიზაციების საჭიროებები და ინტერესები იმისთვის, რომ სხვადასხვა ფორმით და დოზით შესთავაზოს პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის, მაგალითად, სასკოლო ავტონომია.

გან­ვი­თა­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბის გა­უ­აზ­რებ­ლო­ბა

სისტემის განვითარებას აფერხებს პრინციპიც, როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციები ძირითადად და ზოგ შემთხვევაში ექსკლუზიურად თავიანთი ძალებით ცდილობენ სისტემაში ცვლილებების გამოწვევას. გადაწყვეტილების მიმღებები ხშირად ეჭვის თვალით და უარეს შემთხვევაში მტრულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ან საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიმართ, ვერ რთავენ მათ სისტემის განვითარებაში. ასეთი პოლიტიკის შედეგად, უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობა სუსტია. პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯიბრის მონაწილეებად ხედავენ და არა როგორც ერთი საქმისთვის მოწოდებული სხვადასხვა შესაძლებლობისა და ზოგჯერ სხვადასხვა ხედვის მქონე ჯგუფების წევრებად.

საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც, განსაკუთრებით კი სკოლები, დაქვემდებარებულები არიან სამინისტროს და სამინისტროსთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას და მათ მმართველებს თავადაც არა აქვთ დიდი სურვილი, რომ კონსულტაციები გაუწიონ სამინისტროს, შესთავაზონ მართვის განსხვავებული პრინციპები. თუ მინისტრს შეუძლია, სკოლის დირექტორი ნებისმიერი მიზეზის გამო მოხსნას ან დააწინაუროს, მაშინ განათლების პოლიტიკის კრიტიკა, ალტერნატივების შემუშავება სარისკო საქმიანობაა. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა კი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან მათ მიმართ პირად მტრობად აღიქმება. შედეგად, სამინისტროსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები წარმოსახვითი კონკურენტებისა და მტრების წინააღმდეგ თავდაცვითი სანგრების თხრით და გამაგრებით არიან დაკავებული, ხედვისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე ფიქრის ნაცვლად.

გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა

განათლების პოლიტიკა საქართველოში ნაკლებად რაციონალურია. მაგალითად, პერიოდულად გვესმის ხოლმე გარკვეული გადაწყვეტილებების შესახებ, იმის გარეშე, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში დაასაბუთონ, რა პრობლემების გადაჭრას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რა შედეგების მიღწევას ვცდილობთ, როდის ვფიქრობთ, რომ ამ შედეგებს მივაღწევთ და რა ხარჯებთან არის ამ შედეგების მიღწევა დაკავშირებული.

მაგალითად, ბოლო დროს ხშირად მოისმენთ გადაწყვეტილებების მიმღებებისგან, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებს გაეზარდოთ ავტონომია, რომ მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ უფრო დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლა-სწავლების მიდგომები და ა.შ. თუმცა იშვიათად თუ ვინმე ახსნიდა, რა პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით დღეს და როგორ გადაჭრის ავტონომია ამ პრობლემებს. საიდან გვეცოდინება, მაგალითად, ათი წლის შემდეგ, რამდენად გაუმჯობესდა სისტემა? რა ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული ავტონომიის გაზრდის პოლიტიკა? ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღების რა წახალისების მექანიზმებს, შესაძლებლობების ზრდის რა მოქმედებებს დააფინანსებს სახელმწიფო? თუ მხოლოდ რეგულაციების ცვლილებით ფიქრობს ამ პოლიტიკის მიზნების მიღწევას?

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის პრობ­ლე­მა

დაახლოებით ოცი წლის წინ საშუალება მომეცა, ფინურ განათლების სისტემას გავცნობოდი. განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებული კონფერენციის მონაწილეები ჰელსინკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში წაგვიყვანეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ფინეთის განათლების შესახებ მრავალი დადებითი რამ იწერებოდა საერთაშორისო პრესაში და პროფესიულ გამოცემებში. დავათვალიერეთ სკოლის შენობა, დავესწარით გაკვეთილებს, ვესაუბრეთ ადმინისტრაციას და პედაგოგებს.

არ გამკვირვებია, რომ ფინურ სკოლას ბევრად უფრო მეტი ფინანსური და მატერიალური რესურსი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს ნებისმიერ საჯარო, თუ ასევე კერძო სკოლას. სკოლას მეტი შესაძლებლობები ჰქონდა მოსწავლეების მხარდაჭერისთვისაც. მაგალითად, ემიგრანტ ბავშვებს სპეციალურად მიმაგრებული დამხმარეები ჰყავდათ, სასკოლო კულტურასთან, უცხო ენასთან უმტკივნეულოდ ადაპტირება რომ შესძლებოდათ.

გასაკვირი ორი რამ იყო. ერთი, რომ გაკვეთილებზე არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რისი ნახვაც მათ შორის საქართველოშიც არ იქნებოდა შესაძლებელი. მოსწავლეები მსჯელობდნენ, ასრულებდნენ დავალებებს, იყენებდნენ სახელმძღვანელოებს, პასუხობდნენ მასწავლებლების დასმულ კითხვებს.

მეორე – სტუმრების კითხვებზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის პასუხებმა გამაკვირვა. კითხვაზე, თუ რატომ ირჩევს მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაცია რაიმე პედაგოგიურ მიდგომას, თუ რა განაპირობებს სასწავლო გეგმის ფარგლებში გარკვეული თემის შერჩევას, რატომ არის მნიშვნელოვანი კლუბები, დამატებითი გაკვეთილები ან კონკრეტული მასალების გამოყენება გაკვეთილებზე – პასუხი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მსგავსი იყო. ამ გადაწყვეტილებების დასაბუთება საზოგადოებრივ შეთანხმებაზე რეფერირებით ხდებოდა. „ჩვენ სოციალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში ვმონაწილეობთ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ღირსეულად იცხოვროს და ასევე მონაწილეობა მიიღოს ამ საზოგადოების ცხოვრებაში. თუ ამ მიდგომებს არ გამოვიყენებთ, მაშინ ამგვარი საზოგადოების შექმნა რთული იქნება. შეიძლება ზოგიერთი ბავშვი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სათანადო შესაძლებლობების უნარის და შესაძლებლობის გარეშე დარჩეს“, – ეს იყო ფინელი მასწავლებლების ტიპური პასუხი.

ჩვენთან, მსგავს კითხვებზე, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წევრები განსხვავებულად პასუხობენ. მათი გადაწყვეტილებების საფუძველი უმეტესად ადმინისტრაციული ვალდებულებებია. პედაგოგიური მიდგომების არჩევანი, სასკოლო ცხოვრების ორგანიზების ფორმები ნაკლებად – საზოგადოების შესახებ შეთანხმებულ მიზნებს, და უფრო მეტად სამინისტროს გადაწყვეტილებებს, საუკეთესო შემთხვევაში კი სწავლა-სწავლების საკუთარ გამოცდილებას ეფუძნება.

ამგვარი ქცევა ჩვენთან გასაკვირი არ არის. არსებობს შეთანხმებები, რომ გვსურს გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვინდა, რომ საზოგადოება იმართებოდეს დემოკრატიულად, სამართლიანად, ადამიანის ღირსების შელახვის გარეშე, რომ საზოგადოება პატივს სცემდეს საკუთარ ისტორიას და კულტურას, დაცული იყოს ადამიანის უფლებები. თუმცა ეს დათქმები იშვიათად განაპირობებს სკოლების და ალბათ ასევე უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღებისა თუ პროფესიული სასწავლებლების ყოველდღიურობას.

ეს ფენომენი ქართული არ არის. ნაციზმის დამარცხების შემდეგ ევროპაშიც პოპულარული გახდა წარმოდგენა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ჩვენთან სახელმწიფოს ლეგიტიმურობის რღვევა სსრკ-ის ბოლო წლებში და 90-იან წლებში მოხდა. ამ დროს ჩამოყალიბდა ერთგვარი შიში ნებისმიერი საზოგადოებრივი შეთანხმებების, იდეოლოგიების მიმართ. საბჭოთა სკოლა და უნივერსიტეტებიც ხომ სასწავლო დაწესებულების გარეთ არსებულ, მკაცრ და არაჰუმანურ პოლიტიკურ იდეოლოგიას იყო დაქვემდებარებული. გაჩნდა მოსაზრება, რომ სკოლა ან უნივერსიტეტი იდეოლოგიებისგან, საზოგადოებრივი შეთანხმებებისგან შორს უნდა იდგას და უფრო მეტად ბავშვების და ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნავდეს.

ამავე დროს, შეიძლება გვახსოვდეს, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ფუნდამენტიც სწორედ საერთო საზოგადოებრივი, ეროვნული მიზნებით იყო განპირობებული. გოგებაშვილი თავის „დედაენას“ ერთ-ერთ წერილში ნაღმოსან კატარღას ადარებს, რომელიც საქართველოს ხევებში მდინარეებს მიჰყვება და ამით საერთო ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენც, იმდროინდელი ქართველების ან დღევანდელი ფინელების მსგავსად, უნდა გავაცნობიეროთ განათლების მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში. სხვაგვარად გაგვიჭირდება, რომ სკოლა ან უნივერსიტეტი ეფექტიან სოციალურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს.

იმისთვის, რომ საქართველოს საგანმანათლებლო პრობლემები გადავჭრათ, აუცილებელია, რომ განათლების სისტემის განვითარების დაჩქარებაზე ვიზრუნოთ. ამისთვის აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ ბარიერებზე, რომელთა მოხსნაც ხელს შეუწყობდა სკოლებისა თუ უნივერსიტეტების ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ განათლების პროცესის თუ მიზნების საზოგადოების განვითარებასთან მჭიდროდ და ორგანულად დაკავშირების გარეშე გაგვიჭირდება, რომ სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი ან პროფესიული სასწავლებელი იყოს დემოკრატიული, სასარგებლო და ჭეშმარიტად ღირებული საზოგადოებრივი საქმიანობის ასპარეზი.

დატოვე კომენტარი

4 კომენტარი

  1. Great post. I was checking continuously this weblog and I’m inspired! Extremely useful information specially the closing part 🙂 I care for such information a lot. I was looking for this certain information for a very lengthy time. Thanks and best of luck.

  2. Good day! This is kind of off topic but I need some guidance from an established blog. Is it very hard to set up your own blog? I’m not very techincal but I can figure things out pretty quick. I’m thinking about setting up my own but I’m not sure where to start. Do you have any points or suggestions? With thanks

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *