ტრამპი Trump Media-დან დამატებით $1.25 მილიარდს მიიღებს

ტრამპი Trump Media-დან დამატებით $1.25 მილიარდს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაუთვალისწინებელი შემოსავლის სახით, Trump Media-ს დამატებით 36 მილიონ აქციას მიიღებს. აქციათა საერთო ღირებულება $1.25 მილიარდია. ტრამპის ცნობილი სოციალური მედიაპლატფორმა Truth Social-ი სწორედ Trump Media-ს საკუთრებაა.

კომპანიის აქციების ფასი, მარტში საჯარო დალისტვის შემდეგ, თითქმის ორჯერაა დავარდნილი და ბოლო შეფასებით $35.50-ს უტოლდება. მიუხედავად ამისა, ფასი კვლავ ორჯერ მაღალია კომპანიის მიერ დადგენილ საორიენტაციო მინიმალურ ფასზე – $17.50, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დამატებით ე.წ. „მოგების აქციები“ მიიღოს. მოგების მიღებისთვის კი აუცილებელია, მინიმალური საორიენტაციო ფასი, 30 სავაჭრო დღიდან, სულ მცირე 20 დღის განმავლობაში დაფიქსირდეს, ეს მოთხოვნა კი სამშაბათის მონაცემებით უკვე შესრულებულია.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Trump Media-ს უმსხვილესი მეწილეა. ტრამპი უკვე ფლობს კომპანიის 78.75 მილიონ აქციას, ახლა კი დამატებით 36 მილიონ აქციასაც მიიღებს. აქციების დამატებით, ტრამპის მთლიანი წილი კომპანიაში $4 მილიარდამდე გაიზრდება – თითო აქციაზე $34-ის ღირებულებით.

Trump Media & Technology Group Corp-ი საჯაროდ 26 მარტს დაილისტა, თითო აქციის ფასად მაშინ $70.90 განისაზღვრა. კომპანია DJT-ის (ტრამპის ინიციალები) სიმბოლოს ქვეშ ვაჭრობს. დალისტივის დღეს კომპანიის აქციათა ფასი $80-მდე გაიზარდა, TMTG-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $9 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ, აქციათა ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო.

ჯერ უცნობია, შეუძლია თუ არა ტრამპს ახლად მოპოვებული სიმდიდრის გამოყენება. შეთანხმებით, მილიარდერს აქციებით ვაჭრობა ექვსი თვის განმავლობაში აკრძალული აქვს, შესაბამისად, მისი სიმდიდრე ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე რჩება. ამ ეტაპისთვის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ტრამპის ქონება $4.7 მილიარდს შეადგენს.