Tesla-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის შემოსავალი 9%-ით შემცირდა. ეს 2012 წლის შემდეგ Tesla-ს შემოსავლის ყველაზე დიდი ვარდნაა.
თუმცა, უარყოფითი შედეგის მოუხედავად, Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 13%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ინვესტორებს განუცხადა, რომ ახალი, ხელმისაწვდომი ფასის EV-მოდელების წარმოება შეიძლება იმაზე ადრე დაიწყოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მილიარდერის თქმით, კომპანია გეგმავს ახალი, შედარებით დაბალფასიანი მოდელების წარმოების დაწყებას „2025 წლის დასაწყისში, თუ არა ამ წლის ბოლოს“. შეგახსენებთ, მანამდე წარმოების დასაწყებად 2025 წლის მეორე ნახევარი იყო განსაზღვრული.
რაც შეეხება Tesla-ს კვარტალურ შედეგებს, პირველ კვარტალში კომპანიის მოგებამ აქციაზე 45 ცენტი შეადგინა, თუმცა ანალიტიკოსები 51 ცენტს ელოდნენ. ელექტრომობილების მწარმოებლის შემოსავალმა $21.30 მილიარდს მიაღწია, ნავარაუდები $22.15 მილიარდის ნაცვლად.
შემოსავალი შემცირდა როგორც ერთწლიან ჭრილში, 23.33 მილიარდი აშშ დოლარიდან, ასევე მეოთხე კვარტალთა შედარებით, როდესაც მონაცემმა 25.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 55%-ით იკლო მოგებამ და 1.13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, როცა ერთი წლის წინ მაჩვენებელი 2.51 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.