ორპარტიული კენჭისყრით, აშშ-ის სენატმა, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების $95-მილიარდიან გეგმას მხარი დაუჭირა. განკარგულება ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ გეგმა სულ რაღაც ორი დღის წინ დაამტკიცა, რის შემდეგაც ის უკვე სენატში გადაიგზავნა.
უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის $95-მილიარდიანი დახმარების გეგმას მხარი სენატის 79 წევრმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 15-მა რესპუბლიკელმა მისცა, თუმცა ცხრა რესპუბლიკელმა, რომლებიც ამ დრომდე დახმარების პაკეტს ეწინააღმდეგებოდნენ, ბოლო კენჭისყრისას აზრი შეიცვალა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კანონმდებლობას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა, რომელიც ბოლო წლებში კონგრესმა აშშ-ის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად მიიღო. ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს.
შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში გაგზავნას მიმდინარე კვირიდანვე დაიწყებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბაიდენს, შუმერსა და სენატის უმცირესობის ლიდერ მიჩ მაქკონელს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ლიდერის, როლს მსოფლიოში კიდევ უფრო ამყარებს.
დახმარების მთლიანი მოცულობიდან $60.84 მილიარდი უკრაინისთვისაა განკუთვნილი, საიდანაც $23 მილიარდი იარაღისა და მარაგების შესავსებად დაიხარჯება. ისრაელისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა $26 მილიარდს შეადგენს, საიდანაც ჰუმანიტარული საჭიროებებისათვის $9.1 მილიარდია განსაზღვრული. $8.12 მილიარდი კი ტაივანისთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობაა.