რა თანხას გამოიმუშავებენ სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე?

რა თანხას გამოიმუშავებენ სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე?

მძლეოსნობა სპორტის პირველი სახეობა გახდა, რომელში გამარჯვებული სპორტსმენებისთვის ოლიმპიადაზე საპრიზო ფონდი დაწესდა. მძლეოსნობის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაცია World Athletics-ის განცხადებით, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც პარიზის ოლიმპიადიდან სახლში ოქროს მედლით დაბრუნდება, დამატებით $50 ათასი გადაეცემა.

როგორც წესი, წარმატებული ოლიმპიელებისთვის მათ ქვეყნებს ათიათასობით დოლარის მოცულობის საპრიზო ჯილდო აქვს გამოყოფილი. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრიზო ფონდის დაწესების სურვილი თავად სპორტის კონკრეტული სახეობის მმართველმა ორგანიზაციამ გამოთქვა. World Athletics-ის ინფორმაციით, $2.4-მილიონიანი საპრიზო ფონდი ოთხ წელიწადში ერთხელ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიღებული შემოსავლიდან გამოიყოფა.

NBC News-ის ინფორმაციით, ოქროს მედლის მფლობელთათვის სინგაპურმა აშშ-ზე თითქმის 20-ჯერ მაღალი საპრიზო ფონდი დააწესა. უკანასკნელ ოლიმპიადაზე, სინგაპურმა, ოქროს მედლის თითოეული მფლობელი $737,000-ით (დასაბეგრი) დააჯილდოვა. იტალიამ კი, რომელმაც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 17 ოქროს მედალი მოიპოვა, პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს, ბონუსის სახით, $201,000 გადასცა. Forbes-ის მონაცემებით, საერთო ჯამში იტალიამ ოლიმპიადაზე სპორტსმენები $2.7 მილიონით დააჯილდოვა.

2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მიღებისთვის აშშ-მა თითო ოლიმპიელს $37,500 გადასცა. საერთო ჯამში, პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების მონაგარმა 25 ოქროს მედალი შეადგინა, ქვეყანამ კი წარმატებული ოლიმპიელები ჯამში $1.5 მილიონით დააჯილდოვა. სპორტსმენებისთვის საპრიზო ფონდს აშშ-ის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი აწესებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები ჯილდოვდებიან, შესაბამისად, $22,500-ითა და $15,000-ით.

თუმცა World Athletics-ის გადაწყვეტილებას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათ შორის იყო ზაფხულის ოლიმპიური საერთაშორისო ფედერაციების ასოციაცია, რომლის მტკიცებითაც, ჯილდო „ძირს უთხრის ოლიმპიადის ფასეულობებს“ და მხოლოდ ოქროს მედლის მფლობელთა დაჯილდოებით, ოლიმპიადაზე სხვა სპორტსმენების მიღწევებს იგნორირებას უკეთებს.

ოქროს მედლისთვის World Athletics-ის მიერ დაწესებული ჯილდო ოლიმპიადაზე ჯამში 48 სპორტულ ტურნირს შეეხება. ორგანიზაციის პრეზიდენტ სებასტიან კოის განცხადებით, მათი გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) უკვე ეცნობა. IOC-ისგან კი მათგან მიღებული შემოსავლის განკარგვაზე სრული უფლებამოსილება მიიღო.

როგორც World Athletics-ს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განუმარტა, სპორტის თითოეული სახეობის მმართველ ორგანოს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ დახარჯავს მიღებულ თანხას. თავად კომიტეტი არაკომერციული სახის ორგანიზაციაა და მთლიანი შემოსავლის 90%-ს სწორედ სპორტულ მმართველ ორგანოებზე ანაწილებს.