Microsoft-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა

Microsoft-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის მოგებამ უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა.

FactSet-ის თანახმად, Microsoft-ის მოგებამ ერთ აქციაზე 2.94 აშშ დოლარი შეადგინა, როცა ანალიტიკოსები 2.82 აშშ დოლარს ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვებმა 61.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ნავარაუდებ $60.9 მილიარდს აჭარბებს.

ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანმა მიმართულებამ $12.5 მილიარდის საოპერაციო შემოსავალი მიიღო. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ მონაცემს 12.1 მილიარდი აშშ დოლარისთვის უნდა მიეღწია.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის აქციების ფასი მალევე 5%-ით გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე 8%-ით არის გაზრდილი, გასული 12 თვის განმავლობაში კი ზრდამ 45% შეადგინა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა Apple-ს საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის ტიტული ჩამოართვა. მოცემული დროისთვის Microsoft-ის ღირებულება 2.97 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. შედარებისთვის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.62 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.