კომპანიის ისტორიაში პირველად, Alphabet-ი (Google) ინვესტორებისთვის დივიდენდის გადახდას გეგმავს. გარდა ამისა, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა $70 მილიარდის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამაც დააანონსა. განცხადების შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა.
Google-ის მფლობელი კომპანია კაპიტალს აბრუნებს და მილიარდობით დოლარს მონაცემთა ცენტრებში, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით აბანდებს. ამ ეტაპზე, Alphabet-ის დივიდენდი თითო აქციაზე 20 ცენტს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, აქციათა ფასის 16%-იანი ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $300 მილიარდით გაიზარდა და $2 ტრილიონს გადააჭარბა.
ცნობისთვის, სულ რაღაც სამი თვის წინ, პირველი დივიდენდის გაცემის შესახებ განაცხადა Meta Platforms-მაც. ხოლო კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი, Amazon-ი, როგორც ჩანს, ჯერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე არც კი ფიქრობს. დივიდენდების გაცემის დაანონსებიდან მეორე დღეს Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $196 მილიარდით გაიზარდა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა Alphabet-ის კვარტალური შემოსავლისა და სარეკლამო გაყიდვების შედეგებმა. 31 მარტს დასრულებული კვარტალის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა $80.54 მილიარდს მიაღწია, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $78.59 მილიარდი მიღებას ვარაუდობდნენ. 13%-ითაა გაზრდილი სარეკლამო გაყიდვები და $61.7 მილიარდს უტოლდება.
2024 წლის პირველ კვარტალში Alphabet-ის შემოსავლების ზრდაზე დადებითად კომპანიის ღრუბლოვან სერვისებზე მოთხოვნის მატებამ და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის გაძლიერებამ იმოქმედა. AI-ის ბუმის გავლენით, Google Cloud-ის შემოსავალი პირველ კვარტალში 28%-ითაა გაზრდილი.