პოპულარული ჩინური სოციალური მედიაპლატფორმის, TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საჩივარი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის დაბლოკვას მოითხოვს, რომელიც ByteDance-ს სოცმედიაპლატფორმის გასხვისებას ავალდებულებს.
ცნობისთვის, 24 აპრილს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ ორპარტიულად მხარდაჭერილ კანონს, რომელიც TikTok-ის მფლობელ კომპანიას აპლიკაციის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ში აიკრძალება. აშშ-ში TikTok-ს 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და პლატფორმისთვის ის უმნიშვნელოვანესი ბაზარია. ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, TikTok-ის გასაყიდად დრო ByteDance-ს 2025 წლის 19 იანვრამდე აქვს.
TikTok-მა და ByteDance-მა ერთობლივი სარჩელი აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელი ამტკიცებს, რომ კანონი აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, სიტყვის თავისუფლების დაცვის ნაწილს არღვევს. კომპანიები აცხადებენ, რომ პლატფორმის გასხვისება „შეუძლებელია“. მათი მტკიცებით, TikTok-ის გაყიდვა ვერ მოხერხდება ვერც კომერციულად, ვერც ტექნოლოგიურად და ვერც სამართლებრივად. „კანონი აიძულებს TikTok-ს, გაითიშოს აშშ-ში 2025 წლის 19 იანვარს და გააჩუმებს 170 მილიონ ამერიკელს, რომლებიც პლატფორმას კომუნიკაციისათვის იყენებენ“.
თეთრი სახლის ოფიციალური პირების განმარტებით, TikTok-ის ქვეყანაში აკრძალვა თვითმიზანს არ წარმოადგენს. თეთრ სახლს სურს დაინახოს, რომ ეს პლატფორმა პასუხობს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს. ByteDance-ის მიერ პლატფორმის სხვა მფლობელისთვის მიყიდვა კი სწორედ აღნიშნულის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. უშუალოდ საჩივრის შესახებ თეთრი სახლი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობას ByteDance-ის გავლით ამერიკელი მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე აქვთ წვდომა და მათზე თვალთვალის შესაძლებლობა.
ByteDance-ის 58%-ს BlackRock-ი, General Atlantic-ი და Susquehanna International Group-ი ფლობენ. 21%-ს – კომპანიის ჩინელი დამფუძნებელი, დარჩენილ 21%-ს კი თანამშრომლები, მათ შორის 7,000 ამერიკელი ფლობს.