ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

ევროკავშირის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, €3 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. ევროკავშირისგან თანხას უკრაინა, სავარაუდოდ, ზაფხულამდე მიიღებს და რეკონსტრუქციასთან ერთად, საჭირო იარაღის შესაძენადაც მოიხმარს.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა. გაყინული რუსული აქტივების ძირითადი მარაგი ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია. ბელგიური მხარის განცხადებით, რომელიც ამჟამად ევროპულ საბჭოში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, შეთანხმება ეროვნული წარმომადგენლების რეგულარულ შეხვედრაზე შედგა.

უკანასკნელი რამდენიმე თვეა ბრიუსელი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის – წლიურად დაახლოებით €3 მილიარდი – უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებაზე მსჯელობს. მოგვიანებით კი ბლოკმა, თავისი გეგმები რეკონსტრუქციასთან ერთად, კიევის სამხედრო ხარჯების დასაფარადაც გააფართოვა. ევროკავშირის შეთანხმებას წინ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის €89-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება უძღოდა, რაც ომში მყოფ ქვეყანას გაძლიერების იმედებს აძლევს.

უკრაინელი დიპლომატები ევროკავშირისგან გაყინული რუსული აქტივების სრულად კონფისკაციასაც ითხოვენ, რათა აგრესორმა ქვეყანამ სრულად გადაიხადოს ომის საფასური. თუმცა ბლოკის ქვეყნებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ აქტივების პირდაპირ ჩამორთმევა არასასურველ პრეცედენტს შექმნის და ევროს, როგორც უსაფრთხო ვალუტის სტატუსს დააზიანებს.

საბოლოო შეთანხმებით, უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%-ს მიიღებს. დარჩენილ 10%-ს კი Euroclear-ი შეინარჩუნებს იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური სახსრების გამო იურიდიული დავა დაიწყება. უკრაინას დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით გადაეცემა.