ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის მიერ პირველი კლინიკური ტესტირების ფარგლებში ადამიანზე გამოცდილ ტვინის იმპლანტს პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველ პაციენტს, 29 წლის ნოლანდ არბოს, იანვარში გადაუნერგა. არბო დაივინგისას, უბედური შემთხვევის შედეგად, მხრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა ჭადრაკის ონლაინ თამაში გონების საშუალებით შეძლო.
Neuralink-ის ჩიპი თმაზე უფრო თხელი 64 “ძაფისგან” და 1024 ელექტროდისგან შედგება. როგორც კომპანია აღნიშნავს, კვირების შემდეგ არბოს ტვინში ჩანერგილი იმპლანტის რამდენიმე “ძაფს” პრობლემა შეექმნა, რამაც ელექტროდების ნაწილის უფუნქციოდ დატოვება გამოიწვია. შესაბამისად, Neuralink-მა ვერ შეძლო სრულფასოვნად შეფასება, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავა მისმა სისტემამ.
კომპანიას მედიასთან დამატებითი განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.