იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „რუსულ კანონს“ III მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „რუსულ კანონს“ III მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სხდომა სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ, ერთადერთი საკითხი განიხილეს. როგორც ირკვევა, პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, პარლამენტში შესვლას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ცდილობდნენ, თუმცა სხდომის დასრულებამდე ეს ვერ შეძლეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „რუსული კანონის“ ერთწუთიანი განხილვა პარლამენტთან მიმდინარე აქციის, „გაუთენე საქართველოს“, ფონზე ჩაატარა. კანონის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან გუშინ, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

თუმცა მშვიდად არც ამ აქციას ჩაუვლია. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებდა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალების დახმარებით გათავისუფლებას შეეცდებოდა.

აქციის მონაწილეების მიზანი იყო, დეპუტატებისთვის დილით ჩანიშნულ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. აქედან გამომდინარე, ისინი შსს-ს მოწოდებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი ძალით დაშლა დაიწყო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გასარიდებლად, ფიზიკურ ძალასთან ერთად, ქაფი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დარბევისას 20 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით, აქედან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.