„აირჩიე საფრანგეთის“ ფარგლებში საფრანგეთმა $16 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა

„აირჩიე საფრანგეთის“ ფარგლებში საფრანგეთმა $16 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა

საფრანგეთის მთავრობის ყოველწლიური ინიციატივა „აირჩიე საფრანგეთი“ დასრულდა. სამიტის მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა იყო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, წელს ღონისძიების ფარგლებში ქვეყანამ $16.2 მილიარდის მოცულობის უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. შეგახსენებთ, გასულ წელს მოზიდული ინვესტიციების მოცულობამ $14 მილიარდი შეადგინა.

მსგავსი ტიპის ღონისძიების ამოცანა – საფრანგეთისათვის ევროპული ბიზნესცენტრის სტატუსის მინიჭება და რეპუტაციის ამაღლებაა. საფრანგეთს სურს, რომ ევროზონაში პოზიციონირებდეს, როგორც ინვესტიციებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე სახელმწიფო. ცნობისთვის, ევროზონაში საფრანგეთი სიდიდით მეორე ეკონომიკაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, $16.2 მილიარდის მოცულობის ჯამური ინვესტიცია 56 სხვადასხვა ბიზნესპროექტიდან აკუმულირდა. ინვესტიციები ისეთ სექტორებში განხორციელდება, როგორიცაა: ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, წარმოება და ფინანსები.

წარმოგიდგენთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთში ინვესტიციების განხორციელება გადაწყვიტეს:

Microsoft- – კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის სექტორში $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. Microsoft-ი საფრანგეთში მონაცემთა ცენტრს გახსნის.

Amazon- – ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტი საფრანგეთში $1.3 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

Pfizer-ი და AstraZeneca – კვლევისა და განვითარების პროგრამების განსავითარებლად Pfizer-ი – $538.5 მილიონს, AstraZeneca კი $388 მილიონს გამოყოფს.

გარდა აღნიშნული კომპანიებისა, საფრანგეთში ინვესტიციებს განახორციელებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: Morgan Stanley, GSK, Accenture, JPMorgan, Goldman Sachs, Bank of America და სხვები.