ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო უკრაინა ელექტროენერგიის რეკორდულ იმპორტს გეგმავს

ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო უკრაინა ელექტროენერგიის რეკორდულ იმპორტს გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს, განცხადებით, ქვეყანაში ენერგონფრასტრუქტურის დაზიანების გამო უკრაინა 5 ევროპული ქვეყნიდან ელექტროენერგიის რეკორდულ იმპორტს გეგმავს. რუსეთის ავიაიერიშებისა და საარტილერიო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მძიმედ დაზიანებულია.

ცნობისათვის, მარტში რუსეთის მიერ უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევების შემდეგ, უკრაინამ პარტნიორებისაგან 18,649 მეგავატსაათი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიძინა. აღნიშნული სიმძლავრის გაზრდა კი რეკორდულ 19,484 მეგავატსაათამდე იგეგმება.

უკრაინის ელექტროენერგიის ეროვნული ოპერატორის, Ukrenergo-ს მიერ ტელეგრამარხზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ენერგოსისტემა დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი კი უკრაინის ენერგოსადგურების დაზიანებაა, რის გამოც მათ ელექტროენერგიის გამომუშავება შეზღუდული აქვთ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ქვეყანა ელექტროენერგიას რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და მოლდავეთისგან შეიძენს. Ukrenergo-ს ინფორმაციით, ევროკავშირიდან საგანგებო ვითარებაში ელექტროენერგია გასული ღამის განმავლობაში უკვე მიიღეს, დეფიციტი კი მომდევნო დღეებშიცაა მოსალოდნელი. ოპერატორი მოქალაქეებს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისაკენ მოუწოდებს.

გასულ კვირას რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა თავდასხმა სამ უკრაინულ თერმულ ენერგოსადგურზე მიიტანა. მსგავსი ტიპის იერიშები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით მარტის შემდეგ გახშირდა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ჯამში, თავდასხმებმა უკრაინის ენერგოსექტორს $1-მილიარდიანი ზარალი მიაყენა. უკრაინის თერმული ენერგოსადგურების გამომუშავება 80%-ით შემცირდა და გაიზარდა ქვეყნის დამოკიდებულება სამ ატომურ ელექტროსადგურზე, რომლებიც უკრაინის ელექტროენერგიის 50%-ს გამოიმუშავებენ.