გუშინ, 15 მაისს, ქალაქ ჰანდლოვაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მთავრობის შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა. სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა, რის შემდეგადაც პრემიერი დაუყოვნებლივ იქნა ჰოსპიტალიზებული, ხოლო თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
როგორც სლოვაკეთის მედიამ დაადგინა, მსროლელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც თავს მწერალს უწოდებს. ადრე ის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ყოველდღიური გაზეთ Dennik N-ის ცნობით, თავდამსხმელი დასავლეთის პატარა ქალაქ ლევიცედანაა და Rainbow Literary Club-ის დამფუძნებელი წევრია.
პარალელურად, როგორც უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტმა საბოლჩ პანიმ ბრალდებულის Facebook-პოსტებიდან დაადგინა, ცინტულა, კრემლთან კავშირში მყოფი გასამხედროებული პრორუსული ჯგუფის Slovenskí Branci-ს მხარდამჭერია. თავის მხრივ, Slovenskí Branci-ს თავისი ორგანიზაციისთვის, ახალგაზრდების გაწვევის მცდელობაშიც ადანაშაულებდნენ.
ცინტულას მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ პოსტში ის თავად ჩანს, როცა სიტყვით გამოსვლების დროს, დაჯგუფების სხვა წევრების გვერდით შენიღბული დგას. პოსტზე თანდართულ ტექსტში, რომელიც ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩევა, ვკითხულობთ, რომ თვითორგანიზებულ მილიციას უნდა ჰქონდეს უფლება, ქვეყანა, მისი მოქალაქეები, ტრადიცია და კულტურა ევროპიდან შემოსული მიგრანტებისგან დაიცვან.
სლოვაკეთის პრემიერზე სავარაუდო თავდამსხმელს სამი პოეტური კრებული და ორი გამოქვეყნებული მოთხრობა – „მსხვერპლშეწირვის შეტყობინება“ და „ეფატა“ ეკუთვნის. ეს უკანასკნელი არის აშკარა თავდასხმა სლოვაკეთის ბოშათა თემზე, რომელშიც ის აკრიტიკებს სახელმწიფოს და ადანაშაულებს ბოშებს სოციალური დაცვის ბოროტად გამოყენებაში.
სლოვაკეთის მწერალთა ასოციაციის წევრად ცინტულა 2015 წლიდან ირიცხება, თუმცა მას შემდეგ ორგანიზაცია მისგან დისტანცირებას ცდილობდა. „ჩვენ გამოვთქვამთ აღშფოთებას მომხდარი სასტიკი აქტის მიმართ, რომელსაც სლოვაკეთის ისტორიაში ანალოგი არა აქვს“ – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.
თავდამსხმელთან დაკავშირებით არსებული დამატებითი ინფორმაციებით, ცინტულა, კერძო ფირმაში დაცვის თანამშრომლად მუშაობის შემდეგ, იარაღის მოწმობას ფლობდა. მუშაობის პროცესში ერთხელ სავაჭრო ცენტრში თავადაც გახდა თავდასხმის სამიზნე.
მაღალი რანგის პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობა პირველი შემთხვევაა თანამედროვე სლოვაკეთის ისტორიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა. სლოვაკეთის გენერალურმა პროკურორმა პირობა დადო, რომ თავდამსხმელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან „უკომპრომისო” სასჯელი ემუქრება.
ფიცოს მოკავშირეებმა კი თავდასხმაში „ლიბერალური მედია“ დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, ჟურნალისტები ხელს უწყობენ საზოგადოებაში პრემიერისა და მათი პოლიტიკის მიმართ სიძულვილის გაღვივებას.
შემთხვევის შემდეგ გაუქმდა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია, რომელიც ფიცოს მთავრობის საკამათო რეფორმის გასაპროტესტებლად უნდა გამართულიყო – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. პარტიის განცხადებით, ისინი ქვეყანაში ესკალაციის საშიშროებას ერიდებიან.
რაც შეეხება თავად პრემიერს, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, კულტურული ცენტრის წინ ხუთი გასროლა მოხდა. პრემიერს ერთი ტყვია კუჭში, ხოლო მეორე სახსარში მოხვდა.
რაც შეეხება ფიცოს, ის თავად ქვეყანაშიც საკამათო პოლიტიკური ფიგურაა. პრემიერი პრორუსული და ანტიამერიკული მესიჯებით გამოირჩევა. იანვარში მან უკრაინას დახმარებაც შეუწყვიტა. მან ადრე გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და ამჟამად სლოვაკეთს საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის სერვისების სადავო რეფორმისკენ უბიძგებს.