რა უჯდება ბეზოსს ვენეციაში ქორწილი და რამ გამოიწვია ადგილობრივების პროტესტი?

რა უჯდება ბეზოსს ვენეციაში ქორწილი და რამ გამოიწვია ადგილობრივების პროტესტი?

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი მიმდინარე კვირაში ყოფილ ჟურნალისტ ლორენ სანჩესზე დაქორწინდება. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ზუსტი თარიღი და ადგილი, გასაიდუმლოებულია. თუმცა ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ დაადასტურა, რომ რამდენიმედღიანი წვეულება სწორედ იტალიის ქალაქში გაიმართება.

გამოცემა Corriere della Sera-სთან საუბრისას, ბრუნიარომ განაცხადა, რომ ბეზოსის საქორწილო ღონისძიება მათ ქალაქს მილიონობით ევროს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ვენეტოს რეგიონის პრეზიდენტის, ლუკა ძაიას ინფორმაციით კი, ბეზოსის საქორწილო წვეულების ჯამური ხარჯი სავარაუდოდ 40-48 მილიონ ევროს მიაღწევს. იტალიური გამოცემების ცნობით, ბეზოსი საქველმოქმედო მიზნებისთვის დამატებით მილიონი ევროს გაღებას გეგმავს – მათ შორის Corila-სთვის, აკადემიური კონსორციუმისთვის, რომელიც ვენეციის ლაგუნის ეკოსისტემას სწავლობს.

ამის მიუხედავად, ვენეციელების ნაწილი ამერიკელი ბიზნესმენის ქორწილისთვის მათი ქალაქის შერჩევის ფაქტს აპროტესტებს და ამას ორი ძირითადი მიზეზით: ოვერტურიზმითა და ბეზოსის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან ახლო კავშირებით ხსნის. ადგილობრივები ქორწილის ჩაშლით იმუქრებიან, რის გამოც, Reuters-ის ინფორმაციით, ბეზოსმა წვეულება იზოლირებულ ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც ხმელეთით მისვლა შეუძლებელია.

საქორწილო წვეულების ზუსტი ლოკაცია, ასევე თარიღი უცნობია. CNN-ის ინფორმაციით, ორგანიზატორებმა, ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით, ღონისძიებისთვის რამდენიმე ადგილი დაჯავშნეს. თუმცა ბრუნიაროს წარმომადგენელმა მარტში CNN-ს განუცხადა, რომ ბეზოსის ქორწილი $500-მილიონიან სუპერიახტაზე, Koru-ზე გაიმართება. ვენეციის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ბეზოსისა და სანჩესის სტუმრების სია 200-მდე ადამიანით შემოიფარგლება, მათ შორის არიან ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

ქორწილის მასშტაბებითა და ტურისტების სიმრავლით შეშფოთებული ადგილობრივების ჯგუფმა საპროტესტო აქციების გამართვა უკვე დაიწყო. კამპანია „ბეზოსის ადგილი აქ არ არის“ დემონსტრაციებითა და ქალაქში ბანერებისა და სტიკერების გაკვრით მიმდინარეობს. Variety-ის ცნობით, მომიტინგეები არხებსა და ქალაქის ქუჩებზე წვდომის დაბლოკვით იმუქრებიან, რათა ღონისძიებაზე დამსწრეებს ტერიტორიაზე მისვლა შეუზღუდონ.

დემონსტრაციების ორგანიზატორისა და აქტივისტის, ოლივიერო კასარას განცხადებით, მათ კამპანიას ამერიკელებთან ან ვენეციაში ქორწილების გამართვასთან არანაირი პრობლემა არა აქვს. სამაგიეროდ, კასარა ბეზოსს ტრამპთან და აშშ-ის პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკასთან კავშირების გამო აკრიტიკებს. ვენეციის მერმა არაერთგზის სცადა დაერწმუნებინა პროტესტის მონაწილეები, რომ ქალაქს ღონისძიების გამართვა შეუძლია, რის დასტურადაც ვენეციის კინოფესტივალისა და დიდი შვიდეულის სამიტის მასპინძლობა მოიყვანა. თუმცა პროტესტის ორგანიზატორებმა ბრუნიარო გააკრიტიკეს და მოითხოვეს, რომ დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

„ბეზოსის ადგილი აქ არ არის“ – კამპანიას ორშაბათს გარემოსდაცვითი ჯგუფი, Greenpeace-ი შეუერთდა და წმინდა მარკოზის მოედანზე ბეზოსის გამოსახულებით ბანერიც განათავსა, წარწერით: „თუ ქორწილისთვის ვენეციის დაქირავება შეგიძლია, მაშინ შეგიძლია უფრო მეტიც გადაიხადო“. სავარაუდოდ, მომიტინგეები Scuola Grande della Misericordia-ს შესასვლელის დაბლოკვასაც გეგმავენ, სადაც, მათი აზრით, ბეზოსის საქორწილო ღონისძიების ნაწილი გაიმართება.

TMZ-ის ინფორმაციით, წყვილი სამ თემატურ წვეულებას გამართავს. კვირას წყვილი ბეზოსის  Koru-ს იახტაზე, წვეულების ორგანიზებისას დააფიქსირეს. არსებული ინფორმაციით, სამნაწილიანი საქორწილო ღონისძიება მიმდინარე კვირაში დაიწყება. დაუდასტურებელი ცნობებით, მილიარდერის ქორწილის ორგანიზატორი ლონდონში დაფუძნებული Lanza & Baucina-ა, რომელმაც ასევე ჯორჯ კლუნის ვენეციური ქორწილი დაგეგმა.

ცნობისთვის, ვენეცია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქალაქებს შორის, რომლებიც ჭარბი ტურიზმის პრობლემას წლებია, აქტიურად ებრძვიან. ვენეცია ასევე მსოფლიოში პირველი ქალაქია,  რომელმაც ტურისტებისთვის შესვლაზე გადასახადი დააწესა. ყოველწლიურად ქალაქში საშუალოდ 20 მილიონი ტურისტი სტუმრობს, მაშინ როდესაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მხოლოდ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება ბეზოსს, Forbes-ის შეფასებით, Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანია – ის $224 მილიარდს ფლობს. აღნიშნული ქონებით ბეზოსი მხოლოდ ილონ მასკს ($424 მილიარდი), ლარი ელისონს ($251 მილიარდი) და მარკ ცუკერბერგს ($241 მილიარდი) ჩამოუვარდება.